მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა ქალწულმოწამე პელაგია
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა ქალწულმოწამე პელაგია ტარსელი წარმართი დიდებულების შვილი იყო. როცა მოისმინა ქადაგება ქრისტეზე, მან ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და ქალწულობის აღთქმა დადო. როდესაც იმპერატორ დიოკლიტიანეს მემკვიდრემ - შვილობილმა ნახა ქალწული, მოიხიბლა მისი სილამაზით და გადაწყვიტა შეერთო იგი. წმიდა ქალწულმა ჭაბუკს უთხრა, რომ ის დაწინდულია უკვდავ სასიძოზე და უარი უთხრა მიწიერ ქორწინებაზე. პელაგიას ასეთმა პასუხმა განარისხა იმპერატორის მემკვიდრე, მაგრამ გადაწყვიტა, არაფერი ევნო ქალწულისათვის. წმიდა პელაგიამ დედას სთხოვა, გაეშვა თავის გამზრდელთან, გულში კი ფიქრობდა, მოეძებნა ქრისტიანთა დევნის გამო მთას შეხიზნული ტარსოსის ეპისკოპოსი კლინონი და ნათელეღო. წმიდა პელაგიას ძილში გამოეცხადა ეპისკოპოსი და ქალწულმა ზედმიწევნით დაიმახსოვრა მისი სახე. ერთხელ, წმიდა ქალწული დედის ბრძანებით ძიძასთან წავიდა მდიდრული ეტლით და მრავალრიცხოვანი ამალით. ღვთის შეწევნით, მის შესახვედრად გამოვიდა ეპისკოპოსი კლინონი. პელაგიამ უმალ იცნო იგი, ფეხებში ჩაუვარდა და ნათლობა სთხოვა. ეპისკოპოსის ლოცვით მიწიდან წყარომ ამოხეთქა. წმიდანმა მონათლა წმიდა პელაგია. საიდუმლოს აღსრულებისას ანგელოზებმა ნათელით დაფარეს ღვთის რჩეული. წმიდა ზიარების მიღების შემდეგ ეპისკოპოსმა წმიდა პელაგიასთან ერთად ილოცა და განუტევა იგი. გზად მომლოდინე მსახურებთან დაბრუნებულმა პელაგიამ მაცხოვარზე იქადაგა და ბევრი მათგანი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. წმიდა ქალწულს სურდა სახარების მადლით გაეთბო თავისი დედაც, მაგრამ განრისხებულმა ქალმა იმპერატორის შვილს აუწყა, რომ პელაგია ქრისტიანია და არ სურს მასზე დაქორწინება. ჭაბუკი მიხვდა, რომ პელაგია მისთვის დაკარგული იყო, არ ისურვა მისი მომავალი წამება ეხილა და მახვილით განიგმირა თავი. პელაგიას დედას შეეშინდა იმპერატორის რისხვის, თავისი ქალიშვილი შეკრა და იმპერატორს მიჰგვარა, როგორც ქრისტიანი და დამნაშავე მისი შვილის სიკვდილში. იმპერატორი მოიხიბლა ქალიშვილის სილამაზით და ათასგვარი დაპირებებით შეეცადა მისი წარმართობისაკენ მოქცევას. წმიდა ქალწულმა უარყო იმპერატორის წინადადება და უპასუხა: „მე არ შევასრულებ შენს ბრძანებას, რამეთუ მყავს ზეციური საქმრო-ქრისტე, არ მსურს ამაო გვირგვინოსნობა, რადგან უფალმა სასუფეველში სამი გვირგვინი მომიმზადა: რწმენისათვის, ქალწულობისათვის და მოწამეობისათვის“. დიოკლიტიანემ ბრძანა, პელაგია გახურებულ სპილენძის ხარში შეეგდოთ. წმიდა ქალწულმა ჯალათებს უფლება არ მისცა შეხებოდნენ, პირჯვარი გადაისახა და თვითონ შევიდა გავარვარებულ ღუმელში. ცეცხლში მისი სხეული ცვილივით გალღვა და კეთილსურნელებით აავსო მთელი ქალაქი, ძვლები კი უვნებლად იქნა დაცული (დაახლოებით 290 წელს). წარმართებმა წმიდა ნაწილები ქალაქგარეთ გადაყარეს. მას უდაბნოდან გამოსული ლომები იცავდნენ ეპისკოპოს კლინონის მისვლამდე. მღვდელმთავარმა შეაგროვა ძვლები და პატივით დაკრძალა. იმპერატორ კონსტანტინეს მმართველობის (306-337) დროს, როცა ქრისტიანთა დევნა შეწყდა, წმიდა პელაგიას საფლავზე ეკლესია ააშენეს.