მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი თეოდოსი იღუმენი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი თეოდოსი იღუმენი რუსეთის სამონასტრო წესების დამაარსებელი და მონაზვნობის ფუძემდებელი, დაიბადა კიევთან ახლოს, ვასილევკაში. იგი ბავშვობიდანვე ასკეტურად ცხოვრობდა მშობლიურ სახლში. 14 წლისას მამა გარდაეცვალა და დარჩა მკაცრი და ძალაუფლებისმოყვარე დედის ზედამხედველობის ქვეშ. მოსაგრეობისკენ მისწრაფებისთვის მან არაერთხელ დასაჯა შვილი, მაგრამ ღირსი თეოდოსი მტკიცედ ადგა რჩეულ გზას. 24 წლისამ მალულად დატოვა სახლი და ღირსი ანტონის კურთხევით ბერად აღიკვეცა კიევის მღვიმეთა მონასტერში. 4 წლის შემდეგ დედამ მიაგნო შვილს და ცრემლებით შეევედრა სახლში დაბრუნებულიყო, მაგრამ წმიდა თეოდოსიმ თავად დაარწმუნა დედა, დარჩენილიყო კიევში და მონაზვნად შემდგარიყო წმიდა ნიკოლოზის სავანეში.

წმიდა თეოდოსი სავანეში სხვებზე მეტს საქმიანობდა და ძმათა საქმეებსაც თვითონ ასრულებდა. ყველაზე ადრე მიდიოდა ტაძარში და ღვთისმსახურების დამთავრებამდე ადგილიდან ფეხს არ იცვლიდა. 1054 წელს ღირს თეოდოსის მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს, 1057 წელს კი იღუმენად აირჩიეს. მისმა მოღვაწეობამ მრავალი ბერი შეკრიბა სავანეში. მან ააშენა ახალი ეკლესია და შემოიღო სტუდიონის მონასტრის წესდება. იღუმენის ხარისხში მყოფი ღირსი თეოდოსი უმძიმეს მორჩილებაში იყო. ის ჩვეულებრივ მხოლოდ პურსა და მწვანილს ჭამდა, ღამეებს კი ლოცვაში ათევდა. ღირსი მამა განსაკუთრებით ზრუნავდა გაჭირვებულებზე. წმიდა თეოდოსიმ იწინასწარმეტყველა თავისი აღსასრული და მიიცვალა 1074 წელს. იგი დაკრძალეს მის მიერვე გათხრილ მღვიმეში, სადაც დიდმარხვას ატარებდა ხოლმე. 1091 წელს აღმოიყვანეს წმიდანის უხრწნელი ნაწილები. 1108 წელს აღესრულა მისი კანონიზაცია. 3 მაისს წმიდა ეკლესია აღნიშნავს ღირსი თეოდოსის მიცვალებას, 14 აგვისტოს კი იხსენიება მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება და ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში გადასვენება (იხ. 14 აგვისტოს საკითხავი).