მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი პეტრე საკვირველმოქმედი, არგოსის ეპისკოპოსი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი პეტრე საკვირველმოქმედი, არგოსის ეპისკოპოსი ცხოვრობდა IX-X საუკუნეში. იგი ღვთისმოშიში ოჯახის შვილი იყო: ჯერ მისი მშობლები, შემდეგ კი ძმები - პავლე, დიონისე და პლატონი - ბერებად აღიკვეცნენ. წმიდა პეტრემ გულმოდგინე მოღვაწეობა დაიწყო. მისი მოღვაწეობის შესახებ ეუწყა იტალიის ეპისკოპოს ნიკოლოზს (895 წლიდან კონსტანტინოპოლის პატრიარქს), რომელმაც მისი ეპისკოპოსად კურთხევა განიზრახა, მაგრამ წმიდა პეტრემ უღირსად მიიჩნია თავი და არ მიიღო ეს წინადადება. მაშინ ნიკოლოზმა პეტრეს ძმას, პავლეს აკურთხა კორინთოს ეპისკოპოსად, წმიდანი კი მასთან ცხოვრობდა, მდუმარების ღვაწლს იყო შედგომილი. ერთი წლის შემდეგ ეპისკოპოს პავლესთან მოვიდნენ არგოსელები და ითხოვეს, მათ ეპისკოპოსად წმიდა პეტრე დაედგინათ. ხანგრძლივმა და მხურვალე ვედრებამ შედეგი გამოიღო, წმიდანი დათანხმდა. ეპისკოპოსად ხელდასმის შემდეგ წმიდა პეტრე გულმოდგინედ იღწვოდა სამწყსოსთვის. მფარველობდა ყველა გაჭირვებულს, განსაკუთრებით კი ქვრივთა და ობოლთა მიმართ ზრუნავდა. წმიდა პეტრემ დიდი ხნით ადრე იწინასწარმეტყველა თავისი გარდაცვალების დღე და აღესრულა 70 წლის ასაკში. მისი წმიდა ნეშტი 1421 წელს გადაასვენეს არგოსიდან ნავპლიაში. მღვდელმთავრის მირონმდინარე წმიდა ნაწილებთან სასწაულები და კურნებები აღესრულებოდა.