მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი ტიმოთე და მავრა
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი ტიმოთე და მავრა ქალაქ ანტინოეს მახლობლად, სოფელ პერაპიაში (ეგვიპტის თებაიდა) მცხოვრები წმიდა თიმოთე მღვდლის შვილი იყო და მედავითნედ მსახურობდა; მის მორჩილებაში შედიოდა საღვთისმსახურო წიგნების დაცვა და გადაწერა. ბოროტმა ენებმა წმიდა ტიმოთე მმართველ არიანესთან დაასმინეს: იმპერატორის მიერ აკრძალულ წიგნებს ინახავსო. არიანემ შეაპყრობინა წმიდანი და საეკლესიო წიგნების ჩაბარება მოსთხოვა. როცა პასუხად უარი მიიღო, ბრძანა, ეწამებინათ იგი. თიმოთე მამაცურად იტანდა საშინელ ტკივილებს და მადლობდა უფალს. ჯალათებმა წმიდანი ფეხებით დაკიდეს და ლოდი გამოაბეს, შემდეგ არიანემ გაიგო, რომ მოწამეს ახალგაზრდა ცოლი ჰყავდა, სახელად მავრა და ისიც დაატუსაღებინა. წმიდანმა ცოლი გაამხნევა და მოუწოდა, მასთან ერთად ეღიარებინა ქრისტე. წმიდა მავრამ მიუგო: „მზად ვარ შენთან ერთად მოვკვდე“. არიანეს ბრძანებით ქალს თმები დააგლიჯეს და თითები დააჭრეს, შემდეგ წმიდანი ადუღებულ ზეთში ჩააგდეს, მაგრამ უვნებლად იქნა დაცული. მმართველმა იფიქრა რომ მსახურებმა ქვაბში ცივი წყალი ჩაასხეს, და გადაწყვიტა თავად შეემოწმებინა, მდუღარით ხელდათუთქულმა არიანმა ამოიგმინა, შეცბუნდა მომხდარი სასწაულით, ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და მავრას განთავისუფლება ბრძანა, მაგრამ ისეთი ძლიერი იყო ეშმაკის ძალა მასზე, რომ სიტყვა უკანვე დაიბრუნა და უფრო საშინელი სატანჯველებით აწამებინა ქრისტეს აღმსარებელი. აღშფოთებულმა ხალხმა მმართველს მოსთხოვა შეეწყვიტა უდანაშაულო ქალის წამება. წმიდა მავრა ხალხს მიუბრუნდა და დაამშვიდა: „ნუ მიცავთ, ჩემი ერთადერთი დამცველი ღმერთია, რომელსაც მე მსასოებ“.

ხანგრძლივი წამების შემდეგ არიანეს ბრძანებით წმიდანები ჯვარზე გააკრეს. მეათე დღეს მოწამენი აღესრულნენ. ეს მოხდა 286 წელს. მოგვიანებით კონსტანტინოპოლში აშენდა მათი სახელობის ტაძარი და დადგინდა მათი ხსენების დღე.