| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსნი მამანი მიქაელ და არსენ ქართველნი
#წმინდათა ცხოვრება ღირსნი მამანი მიქაელ და არსენ ქართველნი - ულუმბოელნი, იერუსალიმის პატრიარქის, სერგის (843-859) თანამედროვენი იყვნენ. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპები მოიხსენიებს „წმიდათა მამათა ჩუენთა მიქაელ და არსენს, რომელთა აღაშენეს ულუმბოა“. როგორც ჩანს მიქაელს და არსენს ჩაუყრიათ საფუძველი ქართველთა ბერმონაზვნობისათვის ულუმბოზე. პავლე ინგოროყვას ვარაუდით, ერთ-ერთი მოხსენიებული პირი - არსენი არის გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე. „კაცი შუენიერი, კეთილი მონაზონი, სრული სიბრძნითა, შვილი დიდებულთა აზნაურთა, ტომი დიდისა ეფრემ მარწყუერელ ეპისკოპოსისა“. იგი ხანძთიდან ეწვია პალესტინას, სადაც მაკარი ლეთეთელთან ერთად მოღვაწეობდა, შემდეგ კი მცირე აზიაში გადავიდა და ულუმბოს მთაზე დასახლდა. როცა ოცი წლის შემდეგ, ილარიონ ქართველი (ხს. 19 ნოემბერს) ჩასულა ულუმბოზე, აქ მხოლოდ სამი ქართველი დახვედრია, უეჭველია, არსენისა და მიქაელის მოწაფეთაგანნი. ორ მოწაფესთან ერთად ულუმბოს მთაზე მისულ ილარიონ ქართველს ადგილობრივი ბერები მტრულად დახვდნენ. ბერძენთა ლავრის მამასახლისმა მათი გაძევება მოინდომა, ვითარცა „კაცთა უცხოთა და უმეცართა“. ელინთა ელისა, რომელთა შესახებ არ იცოდა, „კეთილად ზრახვენ ანუ მართალი სარწმუნოებაი უპყრიეს“ თუ არა. ასეთი „უმშჯავრო“ განზრახვისათვის ღვთისმშობელმა ყვედრებით უთხრა მამასახლისს: „ანუ არა უწყია, ვითარმედ მრავალნი დამკვიდრებულ არიან მთასა ამას მათისა ენისა მეტყუელნი?“ ამის შემდეგ ულუმბოზე ქართველები მომრავლდნენ. X საუკუნის მეორე ნახევარში აქ მოღვაწეობდა ღირსი იოანე (ხს. 12 ივლისს) და მისი შვილი - ღირსი ექვთიმე (ხს. 13 მაისს). საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმიდათა დასში შერაცხა ულუმბოზე ქართული მონასტრის დამაარსებელნი, ღირსი მამანი მიქაელი და არსენი. |