| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა კეთილმსახური მთავარი, მოციქულთასწორი ბორის-მიხეილ ბულგარელი
#წმინდათა ცხოვრება ბულგარელები ხშირად ეომებოდნენ მეზობელ ტომებს, ქვეყანა შიმშილობდა, 860 წელს კი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. ბორის მეფე წარმართული ქვეყნის ხსნას ქრისტიანული რწმენის მიღებაში ხედავდა. ბერძნებთან ერთ-ერთი ბრძოლის დროს ბულგარელებმა ტყვედ ჩაიგდეს დიდებული თეოდორე კუფარა, რომელსაც ბერობის აღთქმა ჰქონდა დადებული. ის იყო პირველი ადამიანი, რომელმაც სახარების მარცვალი დათესა ბულგარელთა მეფის გულში. ამის შემდეგ ბულგარეთზე გალაშქრებულმა ბერძნებმა თავად იგდეს ხელთ ძვირფასი ტყვე - მეფის მცირეწლოვანი და, რომელიც შემდგომ ბიზანტიის იმპერატორის კარზე მართლმადიდებლურად იზრდებოდა. როდესაც იმპერატორი თეოფილე (829-842) გარდაიცვალა, ბორის მეფემ გადაწყვიტა შური ეძია ბერძნებზე. იმპერატორის ქვრივმა თეოდორამ (842-855) ელჩები გაუგზავნა მეფეს და გააფრთხილა, რომ ის თვითონ დაიცავდა იმპერიას. ბორის მეფემ ზავი ირჩია და შერიგების ნიშნად ტყვეებიც გაცვალეს - თეოდორე კუპარა საბერძნეთში დაბრუნდა, ბულგარელთა მეფის ასული კი -სამშობლოში. მან უფრო განამტკიცა ძმის გულში ქრისტეს სასოება. მოგვიანებით ბულგარეთში ჩავიდა წმიდა მეთოდე, რომელმაც ძმასთან, წმიდა კირილესთან ერთად მოაქცია სლავები. წმიდა მეთოდემ მონათლა მეფე ბორისი, მისი ოჯახი და მრავალი ბულგარელი. წარმართმა ბულგარელებმა მეფის მოკვდინება გადაწყვიტეს, მაგრამ ახალნათელღებულმა ბორისმა დაამარცხა შეთქმულები. მეამბოხე ბელადებისაგან თავდახსნილმა ბულგარელმა ხალხმა ნებით მიიღო ქრისტიანობა. ბიზანტიასა და ბულგარეთს შორის დაიდო ზავი, რომელიც არ დარღვეულა კეთილმსახური მეფის აღსასრულამდე. ბულგარელი ხალხის სულიერი განმტკიცებისათვის დიდი ღვაწლი გასწია პატრიარქმა ფოტიოსმა. 867 წელს ბულგარეთში ჩავიდნენ რომის პაპის წარგზავნილები. 3 წელი გრძელდებოდა დავა ბულგარეთში ბერძნულ და რომაულ ეკლესიებს შორის. 869 წელს კონსტანტინოპოლში ჩატარებულმა კრებამ უთანხმოებას მოუღო ბოლო. 870 წლის 3 მარტს კი ბულგარეთის ეკლესია საბოლოოდ შეუერთდა აღმოსავლეთის ეკლესიას. კეთილმსახურმა ბორისმა ქვეყანა ტაძრებით შეამკო. შემდეგ ბულგარეთში საპატრიარქო კათედრაც დაარსდა. ხანში შესული ბორისი მონასტერში განმარტოვდა, სამეფო კი შვილებს - ვლადიმირს და სვიმეონს დაუტოვა. მონასტერში მყოფმა ბორისმა, ნათლობით კი მიხეილმა, გაიგო რომ ძე მისი ვლადიმირი ქრისტიანობისგან განდგომის გზაზე იდგა. ამით შეძრწუნებული მეფე კვლავ პორფირით შეიმოსა, ურჩი შვილი დასაჯა და საპყრობილეში ჩასვა, უმცროსი ძე, სვიმეონი აღასაყდრა სამეფო ტახტზე და კვლავ მონასტერსი განმარტოვდა. მხოლოდ ერთხელ გამოვიდა მეფე ყოფილი მონასტრიდან - უნგრელთა შემოსევა მოიგერია და კვლავ ღვთის სადიდებელ მოღვაწეობას შეუდგა. წმიდა ბორისი მშვიდობით მიიცვალა 907 წლის 2 მაისს. |