მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე ესპერი, მისი მეუღლე ზოია და ძენი კვირიაკე და თეოდულე
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე ესპერი, მისი მეუღლე ზოია და ძენი კვირიაკე და თეოდულე მდიდარი წარმართის, რომულუს კატულუსის მონები იყვნენ. ისინი ეწამნენ იმპერატორ ადრიანეს (117-138) მიერ ქრისტიანთა დევნისას. კატულუსის ვაჟის დაბადებასთან დაკავშირებით სასახლეში ქალღმერთ ფორტუნას სახელზე ზეიმი გამართეს. მონებს სადღესასწაულო ტრაპეზიდან გაუყვეს საჭმელი, რომელშიც ნაკერპავი ღვინო და ხორციც შედიოდა. წმიდანები საჭმელს არ გაეკარნენ. ზოიამ ღვინო მიწაზე დაასხა, ხორცი კი ძაღლებს მიუგდო. მაშინ კატულუსმა ბრძანა, წმიდა ზოიას ვაჟები ეწამებინათ.

წმიდა კვირიაკე და თეოდულე ხეზე მიაბეს და მშობლების თვალწინ აწამეს. წმიდა ესპერი და ზოია ვაჟებს ამხნევებდნენ და განსაცდელის ბოლომდე დათმენისაკენ მოუწოდებდნენ. შემდეგ თვითონ მშობლებიც აწამეს. ბოლოს კი ოთხივე გახურებულ ღუმელში შეყარეს, სადაც ლოცვით მიაბარეს სული უფალს. მოწამეების სულებს სასუფევლისკენ ანგელოზთა გალობა მიაცილებდა, სხეულები კი უვნებლად იყო დაცული.