მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა წინასწარმეტყველი იერემია
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა წინასწარმეტყველი იერემია, ძველი აღთქმის ოთხ უდიდეს წინასწარმეტყველთაგანი მოღვაწეობდა იუდეველთა სახელმწიფოს უმძიმეს პერიოდში - მეფე იოსიასა და მისი ოთხი მემკვიდრის მეფობის ჟამს. თხუთმეტი წლის იერემიას გამოცხადებით ეუწყა, რომ ჯერ კიდევ შობამდე იყო მოწოდებული წინასწარმეტყველად. მას შეეშინდა ასეთი დიდი და მძიმე მსახურებისა, რადგან ჯერ ყრმა და გამოუცდელი იყო, მაგრამ უფალმა თანადგომა და მფარველობა აღუთქვა: „და განყო უფალმა ხელი მისი და შეახო პირსა ჩემსა და თქვა უფალმან ჩემდამი: აჰა, მიგცენ, სიტყვანი ჩემნი პირსა შენსა, აჰა დაგადგინე შენ დღეს ნათესავსა ზედა და მეფობასა აღმოფხურად და აღფხურად და წარწყმედად და აღშენებად და დანერგვად“. (იერ. 1,9-10).

იერემია ყოველგვარ ღონეს ხმარობდა ცოდვებისაგან დამძიმებული თანამემამულეების მოსალოდნელი ღვთის რისხვისაგან დასახსნელად. ოცდასამი წლის მანძილზე წინასწარმეტყველებდა იგი, ქადაგებდა და ამხელდა იუდეველებს ჭეშმარიტი ღვთისაგან განდგომისა და კერპთაყვანისმცემლობისათვის.

ბაბილონელთა მიერ იუდეველთა მომავალი დამონების ნიშნად, ღვთის ბრძანებით იერემია ქედზე ატარებდა ჯერ ხის, შემდეგ კი რკინის უღელს. მისი საშინელი წინასწარმეტყველებით შეშინებულმა იუდეველთა უხუცესებმა იერემია ბინძურ ჭაში ჩააგდეს, სადაც შიმშილისა და ნესტისაგან სიკვდილი ემუქრებოდა, ერთ ღვთისმოშიშ საჭურისს - აბიმელექს რომ არ გამოეხსნა.

იერემიას წინასწარმეტყველება მალე ახდა: ბაბილონის მეფემ, ნაბუქოდონოსორმა იუდეა დაიპყრო, ხალხი ამოწყვიტა, დარჩენილები ტყვედ წაასხა, იერუსალიმი კი გაძარცვა და დაარბია. თავად იერემია გაათავისუფლეს, არჩევანის უფლებაც მისცეს - წასულიყო ბაბილონში თუ სამშობლოში დარჩენილიყო. იერემია ნანგრევებად ქცეულ იერუსალიმში დარჩა, რადგან მიაჩნდა, რომ იუდეაში მის ყოფნას მეტი სარგებლის მოტანა შეეძლო ხალხისათვის. გადმოცემით, წინასწარმეტყველმა აღთქმის კიდობანი გადამალა ნაბათის მთის ერთ-ერთ ნაპრალში ისე, რომ იუდეველებს მისი მოძებნა არ შეძლებოდათ (მაკ. 2). შემდგომ მათ გააკეთეს ახალი კიდობანი, მაგრამ მას ძველის დიდება არ ჰქონდა.

სამშობლოში დარჩენილ იუდეველებს შორის განხეთქილება ჩამოვარდა. ქალდეველთა მიერ იუდეაში ერისმთავრად დანიშნული გოდოლია მუხანათურად მოკლა ერთ-ერთმა იუდეველმა და ამონიტელებს შეაფარა თავი. იუდეველთა უმრავლესობა ეგვიპტეში გაიხიზნა. თავად იერემიაც, მისი წინააღმდეგობის მიუხედავად, ეგვიპტის ქალაქ ტაფნისში წაიყვანეს. აქ იგი 4 წელი ცხოვრობდა და ეგვიპტელების პატივისცემითაც სარგებლობდა. როდესაც იერემიამ იწინასწარმეტყველა ბაბილონელთა შეჭრა ეგვიპტეში და იქ მცხოვრები ებრაელების ამოწყვეტა, იუდეველებმა იერემია ქვებით ჩაქოლეს. იმავე წელს იერემიას წინასწართქმა ახდა. არსებობს გადმოცემა, რომ 250 წლის შემდეგ ალექსანდრე მაკედონელმა იერემიას ნეშტი ალექსანდრიაში გადაასვენა. იერემიას ეკუთვნის ძველი აღთქმის წიგნი „გოდება“ იერუსალიმის დაქცევის გამო და ეპისტოლეც. მის მოღვაწეობაზე საუბარია მეფეთა მეორე (23, 24, 25), ნეშტთა მეორე (36, 12) და მაკაბელთა მეორე (2) წიგნებში.

მათეს სახარებაში მითითებულია, რომ იუდას მიერ მაცხოვრის გაცემა ნაწინასწარმეტყველებია იერემიას მიერ: „მაშინ აღესრულა თქმული იგი იერემია წინასწარმეტყუელისა, რომელსა იტყვის: და მივიღე ოც და ათი იგი ვერცხლი, სასყიდელი განსყიდულისაი მის, რომელი მოიყიდეს ძეთაგან ისრაელისაითა. და მისცეს იგი აგარაკისათვის მეკეცისა, ვითარცა მიბრძანა მე უფალმან“. (მათ. 27, 9-10).