| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდანი ცხრანი მოწამენი კვიზიკელნი: თეოგნიდე, რუფოსი, ანტიპატრე, არტემი, მაგნე, თეოდოტე, თავმასიოსი და ფილიმონი
#წმინდათა ცხოვრება ქალაქი კვიზიკი მდებარეობს მცირე აზიაში, დარდანელის სრუტის ნაპირზე. ქრისტიანობა აქ პირველად პავლე მოციქულმა იქადაგა, მაგრამ წარმართთა დევნის გამო ქრისტიანთა ნაწილი ქალაქიდან გაიქცა, ნაწილი კი ფარულად აღიარებდა ჭეშმარიტ ღმერთს, ამიტომ III საუკუნის ბოლოს კვიზიკი ძირითადად წარმართული ქალაქი იყო, თუმცა იქ ქრისტიანული ეკლესიაც არსებობდა. ასეთი მდგომარეობა აწუხებდა ჭეშმარიტ ქრისტიანებს. მათ შორის იყვნენ წმიდა თეოგნიდე, რუფოსი, ანტიპატრე, თეოსტიქე, არტემი, მაგნე, თეოდოტე, თავმასიოსი და ფილიმონი. ისინი სხვადასხვა ასაკისანი იყვნენ, სხვადასხვა მდგომარეობა ეკავათ საზოგადოებაში, მაგრამ მათ აერთიანებდათ ქრისტეს სიყვარული. კვიზიკში ჩასულმა წმიდანებმა საჯაროდ აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი და უშიშრად ამხილეს წარმართობა. ისინი შეიპყრეს და ქალაქის მმართველს მიჰგვარეს. ქრისტეს მხედრებმა საშინელი ტანჯვა-წამება დაითმინეს, ბოლოს კი მახვილით მოისრნენ (დაახლ. 284-292). წმიდანები ქალაქის ახლოს დაკრძალეს. 324 წელს იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილს მართავდა კონსტანტინე დიდი (306-337; ხს. 21 მაისს). ქრისტიანთა დევნის შეწყვეტის შემდეგ ქრისტიანებმა გათხარეს წმიდანთა სამარხი, ამოასვენეს მოწამეთა უხრწნელი გვამები და დაასვენეს მათ სახელზე აგებულ ტაძარში. წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულებოდა. |