| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მღვდელმოწამე ბასილი, ამასიის ეპისკოპოსი და მართალი გლაფირა ქალწული
#წმინდათა ცხოვრება ბასილი, ამასიის ეპისკოპოსი IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა პონტოს ამასიაში. ის თანაუგრძნობდა და მხარში ედგა დევნილ ქრისტიანებს. ამ დროს რომის აღმოსავლეთ ნაწილს მართავდა ლიკინიუსი (307-324 წლებში), წმიდა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის (306-337, ხს. 21 მაისს) სიძე. ლიკინიუსმა ფარისევლურად მოაწერა ხელი მილანის ედიქტს (313), რომელიც რწმენის აღიარების თავისუფლებას ანიჭებდა ქრისტიანებს, მაგრამ სინამდვილეში სძულდა ქრისტიანები და განაგრძობდა მათ დევნას. ლიკინიუსს აღეძრა ვნება თავისი მეუღლის, კონსტანციას მსახურის, მართალი გლაფირა ქალწულის მიმართ. წმიდა ქალწულმა ამის შესახებ აცნობა დედოფალს და მფარველობა სთხოვა. დედოფალმა მამაკაცის ტანსაცმლით შემოსა ქალწული, ფული მისცა და ერთგული მსახურის თანხლებით ქალაქიდან გააპარა. სომხეთში მიმავალი გლაფირა ამასიაში გაჩერდა, სადაც ადგილობრივმა ეპისკოპოსმა ბასილიმ შეიფარა. ეპისკოპოსი ქალაქში ტაძარს აშენებდა. მართალმა გლაფირამ დედოფლისგან მიღებული ფული ეკლესიის მშენებლობისთვის მისცა მღვდელმთავარს; კონსტანციას კი წერილი გაუგზავნა და კვლავ სთხოვა ფული მშენებლობის დასამთავრებლად. დედოფალმა მისი თხოვნა შეასრულა, მაგრამ წერილი იმპერატორს ჩაუვარდა ხელში. განრისხებულმა მმართველმა ამასიის მმართველს მოსთხოვა, მასთან გაეგზავნა ეპისკოპოსი და მსახური. სანამ ბრძანება ამასიაში ჩავიდოდა, გლაფირა გარდაიცვალა (322 წელს). წმიდა ბასილი იმპერატორთან წაიყვანეს. მას თან გაჰყვნენ დიაკვნები - პართენიოსი და ფესტიმი. ისინი დასახლდნენ იმ ციხის ახლოს, სადაც წმიდა ეპისკოპოსი იყო დატყვევებული. ღვთისმოსავმა ქრისტიანმა ელპიდიფორემ მეციხოვნეები მოისყიდა და პართენიოსთან და ფესტიმთან ერთად ყოველ საღამოს ნახულობდა ეპისკოპოსს. სასამართლოზე ეპისკოპოსმა უარყო იმპერატორის წინადადება - გამხდარიყო უმაღლესი ქურუმი და ლოცვის შემდეგ მშვიდად მოუდრიკა ქედი მახვილს. სასჯელის აღსრულების შემდეგ ჯარისკაცებმა წმიდა ბასილის სხეული ზღვაში ჩააგდეს. ელპიდიფორეს სამგზის გამოეცხადა უფლის ანგელოსი და აუწყა: „ეპისკოპოსი ბასილი სინოპშია და გელოდებათ“. ელპიდიფორე და დიაკვნები სინოპში წავიდნენ და მეთევზეებს სთხოვეს, ბადე გადაეგდოთ ზღვაში. ბადეს წმიდა ბასილის ნეშტი ამოჰყვა. თავი სხეულს შეხორცებოდა და მხოლოდ იარა მიანიშნებდა ხმლის ნაკვალევზე. წმიდანის ნეშტი ამასიაში გადაასვენეს და დაასაფლავეს მის მიერ აგებულ ტაძარში. |