| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მოციქული და მახარებელი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოციქული და მახარებელი (რომელსაც მარკოზსაც უწოდებენ) დაიბადა იერუსალიმში. ის იყო 70 მოციქულთაგანი და მოციქულ ბარნაბას (ხს. 11 ივნისს) დისწული. დედამისის, მარიამის სახლი გეთსიმანიის ბაღს ემიჯნებოდა. საეკლესიო გადმოცემით, მაცხოვრის ჯვარცმის საღამოს წმიდა მარკოზი თან ახლდა უფალს და გაექცა ჯარისკაცებს, რომლებსაც მისი შეპყრობა უნდოდათ. უფლის ამაღლების შემდეგ, წმიდა მარკოზის დედის, მარიამის სახლი ქრისტიანთა შესაკრებლად და თავშესაფრად იქცა. წმიდა მარკოზი იყო მოციქულთა - პეტრეს, პავლეს (ხს. 29 ივნისს) და ბარნაბას (ხს. 11 ივნისს) თანამოღვაწე. პავლე და ბარნაბა მოციქულებთან ერთად წმიდა მარკოზი იმყოფებოდა სელევკიაში, იქიდან წავიდა კუნძულ კვიპროსზე. ქალაქ პაფოსში იგი მოწმე გახდა იმისა, თუ როგორ განკურნა პავლე მოციქულმა სიბრმავისგან მოგვი ელიმა. წმიდა პავლესთან თანამოღვაწეობის შემდეგ წმიდა მარკოზი დაბრუნდა იერუსალიმში, წმიდა მოციქულ პეტრესთან ერთად მოიარა რომი, იქიდან კი წავიდა ეგვიპტეში. წმიდა მარკოზი წმიდა პავლეს მეორე მისიონერული მოგზაურობის დროს შეხვდა ანტიოქიაში, იქიდან წმიდა ბარნაბასთან ერთად გაემგზავრა კვიპროსზე, შემდეგ კი კვლავ ეგვიპტეში წავიდა და წმიდა პეტრე მოციქულთან ერთად მრავალი ეკლესიაა დააარსა. წმიდა პეტრე სიყვარულით იხსენიებს წმიდა მარკოზს, როგორც სულიერ შვილს (1 პეტ. 5,13). როცა პავლე მოციქული რომაელებს ჰყავდათ შეპყრობილი, წმიდა მარკოზი ეფესოში იმყოფებოდა, წმიდა ტიმოთესთან (ხს. 4 იანვარს) შემდეგ მასთან ჩავიდა რომში და იქ დაწერა სახარება (დაახლოებით 62-63 წლებში). რომიდან წმიდა მოციქული კვლავ ეგვიპტეში წავიდა. ალექსანდრიაში მან დააარსა ქრისტიანული სასწავლებელი და შეადგინა ლიტურგიის წესი სანდრიელი ქრისტიანებისათვის. შემდეგ ნეტარმა მახარებელმა სახარების ქადაგებით მოიარა აფრიკის შიდა მხარეები. ამ მოგზაურობისას მოციქულს სულიწმიდისგან ეუწყა, წასულიყო ალექსანდრიაში წარმართთა შორის საქადაგებლად. წარმართები ღვთისმსახურების დროს დაესხნენ თავს მარკოზს, სცემეს, ქალაქში ათრიეს და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდანს თვით უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა და განამტკიცა. მეორე დღეს, სანა სამსჯავროზე მიიყვანდნენ, წმიდანი აღესრულა. წარმართებს უნდოდათ, წმიდანის გვამი დაეწვათ, მაგრამ როცა კოცონი გააჩაღეს, მიწა იძრა. შეშინებული ღვთისმოძულენი გაიქცნენ, ქრისტიანებმა კი მოწამის ნეშტი აიღეს და ქვის სარკოფაგში დაკრძალეს. ერთი ცნობით ეს მოხდა 63 წლის 4 აპრილს, სხვა წყაროთა მოწმობით კი - 68 ან 75 წელს. 310 წელს წმიდა მარკოზის საფლავზე ტაძარი ააგეს. 820 წელს, როცა ეგვიპტეში არაბები გაბატონდნენ და ქრისტიანების დევნა დაიწყეს, მოციქულის წმიდა ნაწილები ვენეციაში გადაასვენეს და მისი სახელობის ტაძარში დააბრძანეს.
|