| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი თომა სალოსი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი თომა სალოსი კაბადოკიის კესარიის ერთ-ერთი მონასტრის ბერი იყო. მას მონასტრის შემოწირულობების შეგროვება დაავალეს. ამ მიზნით სირიის ანტიოქიაში ჩასულმა ნეტარმა მამამ სალოსობის ღვაწლი იტვირთა. ერთ-ერთი მონასტრის იკონომოს, ანასტასის მობეზრდა ღირსი თომას ხელგაწვდილი სიარული და სილა გააწნა მას. ამ ამბის მხილველებმა ანასტასის უსაყვედურეს, მაგრამ ღირსმა თომამ დაამშვიდა ისინი და უთხრა: „ამიერიდან არაფერს მივიღებ ანასტასისაგან, ვერც ის შეძლებს ვერაფრის მოცემას“. ეს სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. მეორე დღეს ანასტასი გარდაიცვალა, მონასტერში დაბრუნებული ღირსი თომა კი გზაში, ქალაქ დაფნეს გარეუბანში, წმიდა ექვთიმეს ეკლესიაში აღესრულა (დაახლ. 546-560 წლებში). წმიდანი უპატრონო მიცვალებულთა სასაფლაოზე დაასაფლავეს. რამდენიმე ხნის შემდეგ წმიდა თომას საფლავზე ქალი დამარხეს. ოთხი საათის შემდეგ მიწამ კუბო ამოაგდო. იგივე განმეორდა, როგორც მიცვალებულის ხელახლა დასაფლავების შემდეგ, ისე და სხვა ქალის დასაფლავების დროსაც. მომხდარის შესახებ აცნობეს ანტიოქიის პატრიარქს დომნას (546-560 წლებში). მისი კურთხევით წმიდა მამის ნაწილები ანტიოქიაში გადაასვენეს. ღირსი თომასადმი აღვლენილი ლოცვებით ანტიოქიაში შეწყდა შავი ჭირის ეპიდემია. ამ დროიდან ანტიოქიელები ყოველწლიურად აღნიშნავდნენ წმიდა თომას ხსენების დღეს. |