მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი: საბა, სტრატილატი და მასთან 70 მხედარი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე საბა გუთთა ტომიდან იყო. სიმამაცისთვის მას სტრატილატის მაღალი წოდება უბოძეს. ის იმპერატორ ავრელიანეს (270-275) კარზე მსახურობდა.

საბა სიყრმიდანვე ქრისტიანი იყო და მტკიცედ იცავდა ქრისტეს მცნებებს. წმიდა ცხოვრებისათვის მან უფლისგან სასწაულქმედების ნიჭი მიიღო.

როცა იმპერატორმა გაიგო საბას აღმსარებლობა, მოსთხოვა განდგომოდა ქრისტეს, მოწამემ მოიხსნა მეომრის ქამარი, ჭეშმარიტი სარწმუნოების უარყოფაზე კი უარი თქვა. წმიდანი სასტიკად აწამეს, დაუნდობლად სცემეს, ცეცხლი წაუკიდეს, გახურებული ფისით სავსე ქვაბში ჩააგდეს, მაგრამ უვნებლად გადარჩა.

მისი წამების მხილველი 70 მხედარი ქრისტეს სჯულზე მოექცა, რისთვისაც ისინი მაშინათვე სიკვდილით დასაჯეს. წმიდა საბა საპყრობილეში ჩააგდეს. შუაღამისას ლოცვად დამდგარ მოწამეს თავად უფალი გამოეცხადა და განამტკიცა. მეორე დილით, ხელახალი წამების შემდეგ წმიდანი მდინარეში დაახრჩვეს (272 წელს).

წმიდა მოწამენი: პასიკრატე და ვალენტინე მიზიის ქალაქ დოროსტოლიდან იყვნენ და მმართველი აბსოლანის კარზე მსახურობდნენ. პასიკრატე 22 წლისა იყო, ვალენტინე კი - 30.

როცა ქრისტიანტა დევნა დაიწყო, პასიკრატემ და ვალენტინემ საჯაროდ აღიარეს ქრისტიანობა. სამსჯავროზე წმიდა პასიკრატემ აპოლონის კერპს შეანერწყვა.

წმიდანის ძმა ტიროდა და ევედრებოდა მას, მოჩვენებით მაინც მსხვერპლი შეეწირა კერპთათვის, მაგრამ მოწამემ ქრისტესათვის სიკვდილი არჩია სიცრუით შენარჩუნებულ ამაო სიცოცხლეს. მოწამე ვალენტინემაც განაცხადა, რომ მზად იყო ქრისტესათვის აღსრულებულიყო.

ორივე წმიდანი მახვილით განგმირეს (228 წელს).