| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა დედოფალი ალექსანდრა
#წმინდათა ცხოვრება წმიდა გიორგის წამების ამსახველ აქტებში წერია, რომ დიოკლიტიანეს მეუღლე წმიდა ალექსანდრა გარდაიცვალა წმიდა გიორგის წამების დღეს. სინამდვილეში მან მოწამეობრივი გვირგვინი მიიღო მოგვიანებით, 314 წელს. ამ ხნის განმავლობაში მრავალი რამ მოხდა. 305 წელს იმპერატორმა დიოკლიტიანემ უარი განაცხადა ტახტზე და ძალაუფლება გადავიდა მისი თანამმართველის, ფანატიკოსი წარმართის, უხეში და სასტიკი მხედრის, მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) ხელში. მისი მეუღლე იყო თვით დიოკლიტიანესა და წმიდა დედოფლ ალექსანდრას ასული, წმიდა ვალერია, რომელიც დიოკლიტიანემ იძულებით გაათხოვა მაქსიმიანზე. როდესაც გალერიუსი გარდაიცვალა, მომდევნო იმპერატორმა მაქსიმინიემ (305-313) ხელი სთხოვა წმიდა ვალერიას. ქრისტიანი ქალის უარით განაწყენებულმა იმპერატორმა წმიდა ვალერია სირიაში გადაასახლა, სადაც დედასთან ერთად ცხოვრობდა. მაქსიმინეს სიკვდილის შემდეგ, 313 წელს, იმპერატორ ლიკინიუსის (307-324) მოწყალებაში დაიმედებული დედა-შვილი ნიკომიდიაში ჩავიდა. 313 წელს წმიდა მოციქულთასწორ კონსტანტინესთან (306-337) ერთად ლიკინიუსმა ხელი მოაწერა მილანის ედიქტს, რომელიც ქრისტიანებს აღმსარებლობის თავისუფლებას ანიჭებდა, მაგრამ სინამდვილეში ქრისტიანობის მტრად დარჩა. ლიკინიუსმა ბრძანა, სიკვდილით დაესაჯათ დედოფალი ალექსანდრა და მისი ასული წმიდა ვალერია. მოწამეებს თავები მოჰკვეთეს. წმიდა მოწამენი ანატოლი და პროტოლეონი (303) ქრისტიანობაზე მოექცნენ წმიდა დიდმოწამე გიორგის მხნეობისა და სასწაულების ხილვის შემდეგ. დიოკლიტიანეს ბრძანებით მათ მახვილით მოჰკვეთეს თავები. |