| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდისა დიდისა მოწამისა, ძლევამოსილისა და სასწაულთმოქმედისა გიორგისი, კაპადოკიელისა
#წმინდათა ცხოვრება წმიდა დიდმოწამე, დიდებული, ძლევაშემოსილი და სასკვირველთმოქმედი გიორგი III საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში. მამამისი მოწამეობრივად აღესრულა. დაქვრივებული დედა კაბადოკიიდან რომში, თავის სამშობლოში წავიდა და იქ განაგრძო შვილის ქრისტიანულად აღზრდა. ჭაბუკი გიორგი რომის ლაშქარში გამწესდა მხედრად. ახოვანმა, მამაცმა და უშიშარმა მეომარმა მალე იმპერატორ დიოკლიტიანეს (284-305) ყურადღება მიიპყრო. მან თავის პირად მცველთა რაზმის უფროსად დანიშნა წმიდა გიორგი და მხედართმთავრის მაღალი წოდებაც უბოძა. კერპთაყვანისმცემელმა იმპერატორმა თავისი გამგებლობის ბოლო წლებში სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობას. სენატის საბჭოზე ნიკომიდიაში მან სრული თავისუფლება მიანიჭა პროვინციის მმართველებს ქრისტეს მიმდევართა დასასჯელად და თავის მხრივ მხარდაჭერაც აღუთქვა. წმიდა გიორგიმ ეს რომ შეიტყო, გაათავისუფლა თავისი მონები, ქონება გლახაკებს დაურიგა , სენატში გამოცხადდა, საჯაროდ აღიარა ქრისტიანობა და ყველა იქ მყოფსაც მოუწოდა მიეღოთ ეს ჭეშმარიტი სარწმუნოება: „მე მონა ვარ ქრისტესი, ღმრთისა ჩემისა და მსასოებელი მისი. საკუთარი ნებით წარვმდგარვარ თქვენს წინაშე, რათა ვეწამო ჭეშმარიტებისათვის“. - „რა არის ჭეშმარიტება?“ - ჰკითხა ერთ-ერთმა წარჩინებულმა. „თავად ქრისტეა ჭეშმარიტება, დევნილი თქვენ მიერ“, - იყო პასუხი. ამ კადნიერი სიტყვებით თავზარდაცემულმა დიოკლიტიანემ, სცადა, თავისი საყვარელი მხედართმთავრი დაერწმუნებინა განდგომოდა იგი ქრისტეს და მსხვერპლი შეეწირა კერპებისათვის. წმიდა აღმსარებელმა მტკიცედ მიუგო: „ვერავითარი ამსოფლიური დიდება ვერ შეანელებს ჩემს სურვილს, ვემსახურო ჭეშმარიტ ღმერთს“. განრისხებული მბრძანებლის განკარგულებით მეომრები შეეცადნენ შუბის წვერის კვრით გაეყვანათ იგი დარბაზიდან, მაგრამ წმიდანის სხეულზე შეხებისას რკინა რბილდებოდა და იდრიკებოდა. საპყრობილეში მას ფეხებზე - ხუნდები, მკერდზე კი დიდი ლოდი დაადეს და დილამდე ასე ამყოფეს. მეორე დღეს ნაწამები წმიდა გიორგი ისევ იმპერატორს წარუდგინეს: „უმალ შენ მოუძლურდები ჩემი ტანჯვით, ვიდრე მე, შენს მიერ გვემული“. - ასე პასუხობდა იგი დიოკლიტიანეს ყოველ შეკითხვას. განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, ყველაზე მძიმე სატანჯველით ეწამებინათ იგი. დიდმოწამე მბრუნავ ბორბალზე დააკრეს, რომლის ქვეშაც წვერბასრი რკინის მახვილებიანი ძელები დაედოთ. სხეულდასერილმა წმიდანმა ჯერ ხმამაღლა ჰღადა უფალს, შემდეგ კი დადუმება არჩია. დიოკლიტიანემ იფიქრა, რომ იგი უკვე აღესრულა, ბრძანა ჩამოეხსნათ სხეული ბორბლიდან, თვითონ კი აპოლონის ბომონს მიაშურა სამადლობელი მსხვერპლის შესაწირად. მოულოდნელად სრულიად ჩამობნელდა, ჭექა-ქუხილმა შეაზანზარა ქვეყანა, ცოტა ხნის შემდეგ კი მაღლიდან მოისმა ხმა: „ნუ გეშინ, გიორგი, მე შენთან ვარ!“ ბორბალთან უჩვეულო ნათლითმოსილი ჭაბუკი გამოჩნდა, ხელი შეახო მოწამეს, უთხრა „გიხაროდენ!“ - და გაუჩინარდა. წმიდა გიორგი სრულიად უვნებელი წამოდგა ბორბლიდან. ამის მხილველმა გაოცებულმა მეომრებმა წმიდა გიორგი მაშინვე საკერპოში წაიყვანეს იმპერატორთან. დიოკლიტიანემ თვალებს არ დაუჯერა, როცა საღ-სალამათი მოწამე იხილა, ვერც ქურუმმა ასანათემ დამალა გაოცება. მომხდარი სასწაულით გამხნევებულმა სამეფო კარის ორმა წარჩინებულმა მოხელემ - ანატოლიმ და პროტოლეონმა, რომლებიც მანამდე მალავდნენ ქრისტიანობას, საჯაროდ აღიარეს ქრისტიანობა და იმწამსვე დიოკლიტიანესგან თავის მოკვეთა მიესაჯათ. თვით დიოკლიტიანეს მეუღლე ალექსანდრაც ხმამაღლა განადიდებდა ქრისტეს და მზად იყო გაეზიარებინა მის თვალწინ წამებულთა ხვედრი, მხედრებს სასწრაფოდ, ძალით რომ არ წაეყვანათ სასახლეში. ამის შემდეგ იმპერატორის განკარგულებით წმიდა გიორგი ღრმა ორმოში ჩააგდეს და თავზე გამოუწვავი, გახურებული კირი დააყარეს, ხოლო როცა სამი დღის შემდეგ კირი ამოიღეს და წმიდანი სრულიად უვნებელი იხილეს, იმპერატორისავე ბრძანებით, მას წვერმახულ ლურსმნებჩარჭობილი რკინის გავარვარებული ჩექმები ჩააცვეს და ცემით წაიყვანეს საპყრობილამდე. მეორე დღეს, როდესაც დიოკლიტიანემ კვლავ ისურვა წმიდა გიორგის ნახვა, წამებულმა ღიმილით უთხრა, „ჩექმა ძალიან მომეწონა“. ამის გამო ისე სცემეს ხარის გამხმარი ძარღვებით, რომ წმიდანის სისხლი და ხორცი მიწას შეერია, მაგრამ მისი სიმტკიცე მაინც ვერ გატეხეს. იმპერატორმა დასახმარებლად წარმართ მოგვს, ათანასეს მოუხმო. ათანასემ შეზავებული სითხით სავსე ორი თასი მისცა მოწამეს, პირველს მორჩილი უნდა გაეხადა იგი, მეორეს კი უნდა მოეკლა. მოწამემ მშვიდად შესვა ორივე და კვლავ ადიდა ღმერთი. მისნის რჩევით, დიოკლიტიანემ წმიდა გიორგის უბრძანა, ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტების დასამტკიცებლად მიცვალებული აღედგინა მკვდრეთით. წმიდანი საფლავთან მიიყვანეს. მან უფალს შეჰღაღადა: „უფალო იესო! წინაშე შენთა წარმომდგართ უჩვენე, რომ ერთი ღმერთი ხარ მთელი ქვეყნისა, რათა გიცნან შენ, ყოვლადძლიერი მეუფე ჩუენი!“. მიწა შეიძრა, საფლავი გაიხსნა და მიცვალებული აღსდგა მკვდრეთით. ამ სასწაულის მოწმეებმა ერთხმად აღიარეს ღმერთი, თვით ათანასემ იმწამსვე აღიარა ქრისტიანული სარწმუნოება, წმიდა გიორგის დაუჩოქა და სთხოვა, ცოდვები მიეტევებინა მისთვის. გამძვინვარებულმა დიოკლიტიანემ სიკვდილით დასაჯა ათანასეც და მკვდრეთით აღმდგარი კაციც, წმიდა გიორგი კი კვლავ საპყრობილეში ჩააგდო, რათა მეორე დღესვე სიკვდილით დაესაჯა იგი, თუკი საბოლოოდ არ უარყოფდა ქრისტეს. იმ ღამეს, წმიდა გიორგის თავად მაცხოვარი ეჩვენა. უფალმა გვირგვინით შეუმკო თავი მოწამეს და უთხრა: „ნუ გეშინ, მხნედ იყავ, გაძლიერდი, მალე მიხილავ და მიიღებ შენთვის განკუთვნილ ადგილს“. დილით დიოკლიტიანემ კიდევ ერთხელ შესთავაზა წმიდა მოწამეს, თაყვანი ეცა კერპებისათვის. წმიდა გიორგი დათანხმდა მბრძანებელს აპოლონის ბომონში გაყოლაზე, ხოლო როცა გახარებულმა იმპერატორმა პატივით შეიყვანა იგი სამსხვერპლოში, წმიდანი მიუახლოვდა კერპს, ჯვარი გარდასახა და ყველა კერპი დაიმსხვრა. ხალხი აბობოქრდა. ქურუმები წმიდანის სიკვდილით დასჯას მოითხოვდნენ. ხმაურზე დედოფალი ალექსანდრა მოვიდა, როცა ნახა, რომ წმიდა გიორგი სასიკვდილოდ მიჰყავდათ, თვითონაც აღიარა ქრისტიანობა და დიოკლიტიანესაგან სიკვდილმისჯილი, სიხარულით გაჰყვა გვერდით საყვარელ წმიდანს. დასჯის წინ წმიდა გიორგიმ მთელი გულით შესთხოვა უფალს, შეენდო მტარვალთათვის, რომელთაც არა უწყოდნენ, რას იქმოდნენ და შესთხოვა, ჭეშმარიტი რწმენის შეცნობამდე მიეყვანა ისინი, შემდეგ კი მორჩილებით მოუდრიკა ქედი ჯალათს. იგი აღესრულა 303 წლის 23 აპრილს. ანდერძისამებრ, წმიდა გიორგის სხეული დაკრძალეს პალესტინის ქალაქ რამლაში, კონსტანტინე დიდის მეფობის დროს კი, გადაასვენეს წმიდანის სახელზე აგებულ დიდ ტაძარში, ქალაქ ლიდაში. წმიდა გიორგი ეწამა 30 წლის ასაკში და ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას დღესასწაულობს ორჯერ: 23 აპრილს (6 მაისს,) - წმიდანის აღსრულების დღეს და 10 (23) ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს (ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან საქართველოდან გადავიდა სხვა ადგილობრივ ეკლესიებში). |