| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი ვიტალი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი ვიტალი (609-620) იყო ღირსი თერაპიდის მონასტრის ბერი, ალექსანდრიაში ჩავიდა წმიდა პატრიარქ იოანე მოწყალეს (ხს. 12 ნოემბერს) დროს. სამოც წელს მიღწეულმა ბერმა უჩვეულო ღვაწლი იტვირთა: მოსახსენიებელში ჩაიწერა ალექსანდრიის ყველა მეძავის სახელი და მხურვალედ ლოცულობდა მათთვის. ღირსი მამა დილიდან საღამომდე გულმოდგინედ მუშაობდა და გასამრჯელოდან თავისთვის მხოლოდ პურის ნაჭერს ყიდულობდა, მორჩენილ ფულს კი ერთ-ერთ მეძავს აძლევდა და სთხოვდა, ცოდვით არ დაცემულიყო იმ ღამეს. შემდეგ იკეტებოდა მასთან ერთად და მთელი ღამე ლოცულობდა, დილით კი უჩუმრად მიდიოდა. ასეთ მოღვაწეობაში იყო ყოველ ღამე. რიგრიგობით ყველა მეძავთან მიდიოდა, თან ყველას ევედრებოდა, შეენახათ წმიდანის მათთან ყოფნის საიდუმლო. ალექსანდრიის მცხოვრებლებმა არ იცოდნენ ბერის საქციელის ნამდვილი მიზეზი და აღშფოთებულები შეურაცხყოფდნენ მას. ღირსი ვიტალის ლოცვამ მრავალი დაცემული გადაარჩინა, ნაწილი მონასტერში წავიდა, ნაწილი გათხოვდა, ნაწილმა პატიოსანი შრომა დაიწყო, მაგრამ გამოსწორების მიზეზის გამხელას ვერავინ ბედავდა. ისინი შეკრულნი იყვნენ წმიდა ვიტალისთვის მიცემული ფიცით. როცა ერთმა ქალმა გატეხა ფიცი და ბერის გამართლება დაიწყო, ეშმაკისგან გვემულ იქნა. ამის შემდეგ ალექსანდრიელებს უკვე ეჭვი აღარ ეპარებოდათ ღირსი მამის „დანაშაულში“. რამდენიმე ალექსანდრიელმა ღირსი ვიტალი წმიდა პატრიარქ იოანე მოწყალესთან დაასმინა, მაგრამ მან არ დაუჯერა ცილისმწამებლებს და უთხრა: „ნუ განიკითხავთ ნურავის, განსაკუთრებით კი ბერებს. არ გახსოვთ რა მოხდა, ნიკეის კრებაზე? ზოგიერთმა მღვდელმა და ეპისკოპოსმა წერილობით დააბეზღა ერთმანეთი კონსტანტინე დიდთან. მან წაუკითხავად დაწვა წერილები და თქვა: „საკუთარი თვალებით რომ მეხილა დაცემული მღვდელმთავარი ან მღვდელი, ჩემი სამოსლით დავფარავდი, რომ სხვას არ დაენახა მისი ცოდვა“. ასე შეარცხვინა ბრძენმა ხელისუფალმა ავისთმთქმელები. წმიდანი განაგრძობდა თავის მძიმე მოღვაწეობას: ხალხის თვალში ცოდვილი და მემრუშე, მრუშებს სინანულისკენ მოუწოდებდა. ერთხელ, საროსკიპოდან გამოსული ღირსი მამა შეეჩეხა ჭაბუკს, რომელიც მეძავებთან მიდიოდა. ჭაბუკმა სილა გააწნა წმიდანს და უთხრა, რომ ბერი შეურაცხყოფდა ქრისტეს სახელს. ღირსმა ვიტალიმ უპასუხა: „მერწმუნე, ჩემს გამო ისეთ სილას მიიღებ, რომ შენს ყვირილზე მთელი ალექსანდრია შეიყრება“. რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსი ვიტალი გარდაიცვალა. მემრუშე ჭაბუკს გამოეცხადა საშინელი ბოროტი სული და ისეთი სილა გააწნა სახეში, რომ ჭაბუკი მიწაზე დაეცა, ტანსაცმელს იგლეჯდა და ისე ხმამაღლა ყვიროდა, რომ უამრავი ხალხი შეიყარა. რამდენიმე საათის შემდეგ ჭაბუკი გონს მოეგო, წმიდანის სენაკისკენ გაიქცა და თან ყვიროდა: „შემიწყალე მონაო ღვთისა, რამეთუ ვცოდე შენს წინაშე“. სენაკის კარებთან ჭაბუკი საბოლოოდ განიკურნა და შეკრებილებს მოუთხრო თავის შეხვედრაზე ღირს ვიტალისთან; შემდეგ ისევ წმიდანის კელიასთან დაბრუნდა და დააკაკუნა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. როცა კარები გააღეს, ნახეს რომ ხატის წინ მუხლმოყრილ ბერს საუკუნო ძილით მისძინებოდა. წმიდანს ხელში ქაღალდის გრაგნილი ეჭირა, რომელზეც ეწერა: „მკვიდრნო ალექსანდრიისანო, ნუ განიკითხავთ, სანამ არ მოვალს უფალი, მსაჯული ჭეშმარიტი“. სენაკთან მივიდა ბოროტისაგან გვემული ქალი, რომელიც დასჯილი იყო წმიდა ვიტალისათვის მიცემული ფიცის დარღვევის გამო. წმიდანის სხეულზე შეხებით ქალი განიკურნა და შეკრებილებს მოუთხრო წმიდანის სიკეთესა და მოღვაწეობაზე. წმიდა იოანე მოწყალე ხარობდა, რომ არ დაუჯერა ბოროტ ენებს. მან დიდი პატივით დაკრძალა წმიდანის ნეშტი. ამის შემდეგ ბევრმა ალექსანდრიელმა აღთქმა დადო, რომ სხვას არ განიკითხავდა. |