| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მოციქულთა: ნათანაელ, ლუკა და კლიმენტისა
#წმინდათა ცხოვრება წმიდა ნათანელი ანუ ბართლომე კანას გალილეელი მკვიდრი, თორმეტ მოციქულთაგანი იყო. მეერგასე დღეს მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლისას მას და მოციქულ ფილიპეს (ხს. 14 ნოემბერს) წილად ხვდათ სახარების ქადაგება სირიასა და მცირე აზიაში. წმიდა ფილიპე მოციქულს თან ახლდა და - ქალწული მარიამნა. სირიისა და აზიის ქალაქებში მათ მრავალი ჭირი დაითმინეს. ერთ-ერთ სოფელში წმიდანები შეხვდნენ წმიდა იოანე ღვთისმეტყველს და მასთან ერთად გაემგზავრნენ ფრიგიაში. იერაპოლში წმიდანებმა ლოცვით შემუსრეს უზარმაზარი იქედნე, რომელსაც წარმართები თაყვანს სცემდნენ, როგორც ღვთაებას. წმიდა ნათანაელი და ფილიპე დასთან ერთად თავიანთ ქადაგებას სხვა სასწაულებით განამტკიცებდნენ. იერაპოლში ცხოვრობდა ვინმე სტაქოსი, რომელიც 40 წელი ბრმა იყო. მოციქულთა ლოცვით იგი განიკურნა, ირწმუნა ქრისტე და ნათელიღო. ეს ამბავი მთელ ქალაქში გახმაურდა და მალე წმიდათა საცხოვრებელს უამრავი ხალხი მოაწყდა. ქალაქის მმართველმა ბრძანა, დაეტყვევებინათ ნათანაელი და ფილიპე, სტაქოსის საცხოვრებელი კი ცეცხლისათვის მიეცათ. სამსჯავროზე წარმართმა ქურუმებმა მოციქულები დაადანაშაულეს ხალხის მოტყუებასა და წინაპართა ღმერთების შეურაცხყოფაში. ქალაქის მმართველი ფიქრობდა, რომ წმიდანთა სამოსს ჰქონდა მაგიური ძალა და ბრძანა, განეძარცვათ ისინი. ქალწული მარიამნა წარმართთა მზერისათვის ცეცხლოვან ჩირაღდნად იქცა და ვერავინ გაბედა მასთან მიახლოება. წმიდანებს ჯვარცმა მიუსაჯეს. როცა ფილიპე თავდაღმა გააკრეს ჯვარზე, ქვეყანა შეიძრა, მიწა გასკდა და ქალაქის მმართველი, ქურუმები და სეირის მაყურებლები ჩაიტანა. ცოცხლად დარჩენილი უღმრთონი დაფრთხნენ და წმიდანის განთავისუფლება გადაწყვიტეს, მაგრამ მოციქული უკვე აღსრულებული იყო. წმიდა ბართლომე მოციქულმა ქალაქის ეპისკოპოსად დაადგინა სტაქოსი, თვითონ კი მარიამნასთან ერთად სხვაგან გაემგზავრნენ. ნეტარი მარიამნა (ხს. 17 თებერვალს) ღვთის სიტყვის საქადაგებლად ლიკონიაში წავიდა და იქვე აღესრულა მშვიდად. წმიდა ნათანაელი, იგივე ბართლომე, ინდოეთში გაემგზავრა, ებრაულიდან ადგილობრივ ენაზე თარგმნა მათეს სახარება და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. შემდეგ მოინახულა დიდი სომხეთი, სადაც მრავალი სასწაული ქმნა და ბოროტი სულისაგან განკურნა მეფის ასული. მადლიერმა მეფემ გასამრჯელო შესთავაზა მოციქულს, მან კი უპასუხა, რომ მხოლოდ ადამიანთა სულების გამოხსნასა და ცხონებას ეძიებს. მაშინ მეფემ განკურნებულ ასულთან და მრავალ ქვეშევრდომთან ერთად ნათელიღო. მათ მაგალითს მიბაძა სომხეთის ქალაქთა ასეულობით მკვიდრმა. გაბოროტებული წარმართი ქურუმების წაქეზებით მეფის ძმამ ასტიაგმა ქალაქ ალბანში (დღევანდელი ბაქო) შეიპყრო მოციქული და თავდაღმა გააკრა ჯვარზე. წმიდა ბართლომე ჯვარზე განაგრძობდა ქადაგებას. მოციქულის მოშურნეობით განრისხებულმა ასტიაგმა ბრძანა, ტყავი გაეძროთ და თავი მოეკვეთათ მისთვის. მორწმუნეებმა წმიდა ბართლომეს ნეშტი ტყვიის ლუსკუმაში ჩაასვენეს და დამარხეს. 508 წელს მოციქულის წმიდა ნაწილები გადაასვენეს მესოპოტამიაში, ქალაქ დარში (ანასტასიოპოლში). 574 წელს ქალაქი სპარსელებმა დაიპყრეს. მორწმუნეებმა წმიდა ბართლომეს წმიდა ნაწილები ამოასვენეს და შავი ზღვისკენ გაემართნენ. წმიდა ტვირთის მზიდველებს სპარსელები დაესხნენ თავს. მტერს ხელში რომ არ ჩავარდნოდა, მორწმუნეებმა ლუსკუმი ზღვაში ჩაუშვეს. ღვთის განგებულობით იგი კუნძულ ლიპარის ნაპირებთან მიცურდა. IX საუკუნეში, არაბების მიერ კუნძულის დაპყრობის შემდეგ, წმიდა ნაწილები ნეოპოლიტანიის ქალაქ ბენევენტუმში გადაასვენეს, X საუკუნეში კი - რომში. ღვთის ნებით წმიდა იოანე მგალობელთან, (883; ხს. 4 აპრილს) მოხვდა მოციქულ ბართლომეს წმიდა ნაწილი. წმიდა მამამ იგი წაასვენა თავის მონასტერში კონსტანტინოპოლთან ახლოს და წმიდა მოციქულის სახელობის ტაძარიც ააგო. წმიდანისათვის კიდევ უფრო დიდი პატივის მიგების ძლიერი სურვილით ანთებული იოსები მხურვალედ ითხოვდა ღვთისგან მადლს მისი სადიდებელი კანონის შესაქმნელად. და აი, წმიდა ბართლომეს ხსენების დღეს, ღირს მამას საკურთხეველში გამოეცხადა თავად წმიდა მოციქული, სატრაპეზო სახარება მკერდზე დაადო და უთხრა: „გაკურთხოს უფალმან, შენმა საგალობლებმა დაატკბოს სამყარო“. ამის შემდეგ ღირს იოსებს საგალობლების შექმნის ნიჭი მიემადლა და შექმნა სამასზე მეტი კანონი. წმიდა მოციქული ლუკა სირიის ანტიოქიაში დაიბადა. იგი პროფესიით მკურნალი იყო. როდესაც ქრისტეს მოღვაწეობის შესახებ გაიგო, ლუკა პალესტინაში წავიდა და თვით უფლისგან ეზიარა სახარების სწავლებას. წმიდა მოციქული მაცხოვრის სიცოცხლეშივე იქნა გაგზავნილი ცათა სასუფეველის საქადაგებლად (ლკ. 10,1-3), აღდგომის შემდეგ კი თვით უფალი გამოეცხადა კლეოპასთან ერთად ემაუსისკენ მიმავალს. წმიდა ლუკა თან ახლდა პავლე მოციქულს მეორე მისიონერულ მოგზაურობაში. ამის შემდეგ ისინი ერთმანეთს არ განშორებიან (2 ტიმ. 4,10). მოციქულთა თავთა მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ წმიდა ლუკამ დატოვა რომი და ქადაგებით მოიარა აქაია, ლიბია, ეგვიპტე და თებაიდა. ქალაქ თებეში მან მოწამებრივად დაასრულა სიცოცხლე. გადმოცემა წმიდა ლუკას მიაწერს ღვთისმშობლის პირველი ხატების შექმნას: „მადლი ჩემგან შობილისა ჩემითა მეოხებითა იყოს ამა ხატთანა“ - უბრძანებია ყოვლადწმიდა ქალწულს ხატის ხილვისას. წმიდა მოციქულს დაუწერია წმიდა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლეს ხატები, მის სახელს უკავშირებენ აწყურის ღვთისმშობლის ხატის შექმნას, რომელიც წმიდა ანდრია მოციქულმა ჩამოიტანა საქართველოში. 62-63 წლებში, წმიდა პავლე მოციქულის ხელმძღვანელობით წმიდა ლუკას დაუწერია სახარება. პირველივე მუხლები გვამცნობს, რომ მისი მიზანი ყოფილა უფრო სრულად და ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აღეწერა ყველაფერი, რაც იესო ქრისტესა და მისი სწავლების შესახებ იყო ცნობილი და ამით ქრისტიანული სასოებისათვის მტკიცე ისტორიული საფუძველი დაედო (1;4). მან ფაქტები დაწვრილებით გამოიძია და თავისი სახარების შექმნისას გამოიყენა როგორც ეკლესიის ზეპირი გადმოცემა, ასევე თვით ყოვლადწმიდა მარიამის მონათხრობი (2;19-51). რომში 62-63 წლებში წმიდა ლუკას „საქმენი მოციქულთა“ დაუწერია, რომელიც ოთხთავის გაგრძელებას წარმოადგენს და მოგვითხრობს წმიდა მოციქულთა შრომასა და ღვაწლზე მაცხოვრის ამაღლების შემდეგ. თხრობისას უდიდესი ყურადღება ეთმობა უდიდეს საეკლესიო მოვლენას - მოციქულთა კრებას (51 წ.), რომელმაც დოგმატური საფუძველი დაუდო იუდაიზმისგან ქრისტიანობის გამიჯვნას და მსოფლიოში მისი გავრცელების საწინდარი შეიქმნა (საქმე 15, 6-29). „საქმე მოციქულთა“ საღვთისმეტყველო საგანს უპირატესად სულიწმიდის განგებულება წარმოადგენს, რომელიც ამაღლებიდან და სულთმოფენობიდან მოყოლებული ქრისტეს მეორედ მოსვლამდე აღესრულება მის მიერ დაფუძნებულ ეკლესიაში. წმიდა მოციქული კლიმენტი სარდიკიის ეპისკოპოსი იყო. მის სახელს იხსენიებს წმიდა პავლე მოციქული ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში (94,3). მოციქული მიმართავს ვინმე „ერთგულ თანამეუღლეს“ და სთხოვს: „შეიწყნარენ ეგენი, რომელნი ეგე სახარებასა თანა-მოღუაწე შექმნნეს მე კლემენტოსითურთ და სხუათა მათ თანა-შემწეთა ჩემთა, რომელთა სახელები წერილ არს წიგნსა მას ცხოვრებისასა“. |