| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი თეოდორე სიკველი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი თეოდორე სიკველი, ანასტასიაოპოლელი ეპისკოპოსი დაიბადა VI საუკუნის შუა წლებში, დაბა სიკეაში, ანასტასიაპოლთან ახლოს, მართლმორწმუნეთა ოჯახში. როცა წმიდანის დედას, მარიამს ყრმა ჩაესახა, მან ჩვენებით იხილა, თუ როგორ გარდამოისხა ცით ვარსკვლავი და მის საშოში დაემკვიდრა. წინასწარმხედველმა ბერმა ეს ხილვა მუცლადრებულ ყრმაზე საღმრთო მადლის გარდამოსვლით ახსნა. როცა ყრმა 6 წლის გახდა, დედამ ოქროს ქამარი აჩუქა, ნიშნად იმისა, რომ უნდოდა მისი შვილი მხედარი ყოფილიყო, მაგრამ ძილში მარიამს დიდმოწამე გიორგი (ხს. 23 აპრილს, 10 ნოემბერს) გამოეცხადა და უბრძანა, არ ეფიქრა შვილის სამხედრო სამსახურზე, რადგან იგი ღვთის სამსახურისთვის იყო განწესებული. წმიდანის მამა, კოზმა, რომელიც იმპერატორ იუსტინიანე დიდის (527-565) კარზე მსახურობდა, ადრე გარდაიცვალა. ბავშვი დედის მზრუნველობის ქვეშ დარჩა. ოჯახში მათ გარდა იყვნენ კიდევ ბებია ელპიდია, დეიდა დისპენია და პატარა და ვლატა. წმიდა თეოდორემ საოცარი ნიჭიერება გამოიჩინა, იგი გამოირჩეოდა გონიერებით, იყო მშვიდი, თავმდაბალი, ყოველთვის ცდილობდა დაეზავებინა მოჩხუბარი ამხანაგები. მათ სახლში ცხოვრობდა ღვთისმოსავი მოხუცი სტეფანე. მისი მიბაძვით წმიდა თეოდორემ 8 წლის ასაკიდან დაიწყო მკაცრი მარხვა: დიდმარხვის პერიოდში მხოლოდ პურის მომცრო ნაჭერს იღებდა, იმასაც მიმწუხრისას. დედას რომ საზრდელის მიღება არ დაეძალებინა, ბავშვი სასწავლებლიდან მხოლოდ საღამოს ბრუნდებოდა. დედის თხოვნით მასწავლებელი სადილის დროს სახლში უშვებდა ყმაწვილს, მაგრამ ის წმიდა გიორგის ტაძარში მიდიოდა. 10 წლის თეოდორე სასიკვდილოდ დაავადდა. ის იყო წმიდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარში. ტაძრის თაღზე გამოსახული მაცხოვრის ფრესკიდან ცვრის ორი წვეთი გადმოვარდა, მომაკვდავ ბავშვს ეპკურა და განკურნა. ამ სასწაულის შემდეგ წმიდა თეოდორეს ღამღამობით წმიდა გიორგი ეცხადებოდა და თავის ტაძარში მიჰყავდა. დედას ეშინოდა შვილის ღამეული სიარულის. ერთხელ გაბრაზებულმა ეკლესიიდან ძალით გამოიყვანა შვილი და დასაჯა. იმავე ღამეს მარიამს წმიდა გიორგი გამოეცხადა და უბრძანა არ დაებრკოლებინა ყმაწვილი. ასეთივე ხილვა ჰქონდათ ელპიდიას და დისპენიას. ქალებმა ირწმუნეს წმიდა თეოდორეს განსაკუთრებული მოწოდება და აღარ დაუშლიათ მისთვის მოღვაწეობა, პატარა ვლატამ კი ძმის მიბაძვა დაიწყო. ერთხელ, ყმაწვილი კურთხევის მისაღებად მეუდაბნოე ბერ გლიკერისთან წავიდა. ამ დროს, საშინელი გვალვები იდგა. ბერმა წმიდა თეოდორეს უთხრა: „ყრმაო, მოიდრიკე მუხლი და ილოცე უფლის მიმართ, რათა წვიმა გარდმოგვივლინოს. ასე გავიგებთ, სათნო ეყო უფალს თუ არა ლოცვანი ჩვენნი“. ბერმა და ყრმამ მუხლი მოიყარეს და ლოცვა აღავლინეს. ცაზე საავდრო ღრუბლები გამოჩნდა და გაწვიმდა. ბერმა წმიდა თეოდორეს უთხრა, რომ მასზე ღვთის მადლი იყო გარდმოსული და როცა ჟამი მოვიდოდა, ბერად უნდა აღკვეცილიყო. 14 წლის წმიდა თეოდორე სახლიდან წავიდა და წმიდა გიორგის ეკლესიაში ბერად დაეყუდა. დედას ყოველდღე მიჰქონდა შვილთან საჭმელი, მაგრამ წმიდანი ეკლესიის კართან ტოვებდა მას და მხოლოდ სეფისკვერს იღებდა. ასეთ ადრეულ ასაკში მიენიჭა წმიდა თეოდორეს კურნების ნიჭი. მისი ლოცვით განიკურნა ერთი ეშმაკეული ყრმა. ღირსი თეოდორე მიწიერ დიდებას გაექცა და განმარტოვდა: ეკლესიის ახლოს, დიდი ქვის ქვეშ მღვიმე გათხარა და ერთ დიაკონს სთხოვა, მღვიმის შესასვლელი მიწით ამოექოლა, მხოლოდ პატარა ნაპრალი დაეტოვებინა ჰაერისათვის. დიაკონს პური და წყალი მოჰქონდა მასთან და არავის ეუბნებოდა, თუ სად იყო ღირსი თეოდორე. წმიდანმა ორი წელი გაატარა იქ სრულ მდუმარებაში. ნათესავები კი დასტიროდნენ მას და ფიქრობდნენ, თეოდორე სადმე ტყეში მხეცებმა დაგლიჯესო. ბოლოს დიაკონს შეეშინდა, ვაითუ ღირსი თეოდორე ვიწრო მღვიმეში მოკვდესო, თან მისი მგლოვიარე დედაც ეცოდებოდა და საიდუმლო გასცა. წმიდანი ცოცხალ-მკვდარი ამოიყვანეს მღვიმიდან. დედას უნდოდა სახლში წაეყვანა შვილი, მაგრამ ნეტარი ყმაწვილი ეკლესიაში დარჩა და რამდენიმე დღეში სრულიად განიკურნა. როცა თეოდორეს ღვაწლის შესახებ გაიგო ადგილობრივმა ეპისკოპოსმა თეოდოსიმ, მას ჯერ წმიდა გიორგის ტაძრის დიაკვნად დაასხა ხელი, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ჭაბუკი მხოლოდ 17 წლისა იყო. რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსი თეოდორე იერუსალიმში წავიდა წმიდა ადგილთა თაყვანისაცემად და იორდანეს მახლობლად ლავრაში დამკვიდრდა სამოღვაწეოდ. სამშობლოში დაბრუნებული წმიდანი კვლავ წმიდა გიორგის ტაძარს დაუბრუნდა. მისი რჩევით, დედა, და და ბებია მონაზვნებად აღიკვეცნენ. ახალგაზრდა მღვდელ-მონაზვნის მოღვაწეობა იზიდავდა ცხონების მაძიებელთა სულებს და თანდათანობით მის ირგვლივ მთელი ძმობა შეიკრიბა. წმიდა თეოდორე მკაცრ მოღვაწეობას განაგრძობდა. მისი თხოვნით მჭედელმა დაამზადა რკინის გალია, სადაც მხოლოდ დგომა შეიძლებოდა. ამ გალიაში იდგა ქედზე მძიმე ჯაჭვ-დადებული წმიდანი წმიდა აღდგომისა და შობის მარხვაში. ნათლისღებიდან აღდგომამდე მღვიმეში იკეტებოდა და მხოლოდ ღვთისმსახურებისათვის გამოდიოდა შაბათ-კვირას. როცა მხედართმთავარი მავრიკიუსი სპარსეთის ომიდან კონსტანტინოპოლში ბრუნდებოდა, ღირსმა თეოდორემ მას უწინასწარმეტყველა, რომ იმპერატორი გახდებოდა. წმიდა დიდმოწამე გიორგის პატარა ეკლესია ვერ იტევდა მლოცველებს, ამიტომ წმიდანის მონდომებით ახალი ბრწყინვალე ტაძარი აშენდა. ამ დროს გარდაიცვალა ანასტასიოპოლის ეპისკოპოსი. ქალაქის მცხოვრებლებმა ანკვირიის მიტროპოლიტ პავლეს სთხოვეს, ეპისკოპოსად ღირსი თეოდორე დაედგინა. მიტროპოლიტის წარგზავნილებმა და ანასტასიოპოლელებმა ძალით გამოიყვანეს წმიდანი სენაკიდან და ქალაქში წაიყვანეს. ეპისკოპოსად ხელდასმის შემდეგ წმიდა თეოდორე ბევრს იღწვოდა ეკლესიის საკეთილდღეოდ, სული კი განმარტოებულ ლოცვას ესწრაფოდა. რამდენიმე წლის შემდეგ იერუსალიმში წავიდა წმიდა ადგილების მოსალოცად, თავისი ხარისხი დამალა. წმიდა საბა განწმენდილის ლავრაში დამკვიდრდა და იქ განაგრძო ჩვეული მოღვაწეობა. წმიდა სავანე თეოდორემ მხოლოდ მაშინ დატოვა, როცა დიდმოწამე გიორგი გამოეცხადა და ანასტასიოპოლში დაბრუნებისკენ მოუწოდა. მტრებმა წმიდა თეოდორე ძალიან საშიში საწამლავით მოწამლეს, მაგრამ მან შეჭამა სამი მარცვალი, რომელიც ღვთისმშობელმა მისცა და უვნებელი გადარჩა. წმიდანს უჭირდა ეპისკოპოსობის უღლის ტარება, ამიტომ კონსტანტინოპოლის პატრიარქ კვირიაკეს (595-606) სთხოვა, კვლავ განემწესებინა თავის მონასტერში. ღირსი მამის სიწმიდე ისეთი აშკარა იყო, რომ მის მიერ ევქარისტიის საიდუმლოს შესრულების დროს სულიწმიდის ნათელი პორფირის სახით გადაეფინებოდა წმიდა ძღვენს, როცა ლიტურგიაზე ღირსმა თეოდორემ წარმოთქვა: „წმიდაა წმიდათა“ - წმიდა ტარიგმა ჰაერში აიწია, შემდეგ კი კვლავ დაეშვა ფეშხუმზე. ერთხელ, გალატიის ერთ-ერთ ქალაქში ლიტანიობისას საშინელება დატრიალდა - ხის ჯვრები დაიმსხვრა. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა წმიდა თომამ (607-610, ხს. 21 მარტს) ღირსი თეოდორე დაიბარა, რათა მისგან გაეგო ამ საშინელი სასწაულის საიდუმლო. წინასწარჭვრეტის მადლით დაჯილდოებულმა ღირსმა თეოდორემ აუხსნა, რომ ეს იყო მაუწყებელი უბედურებისა, რომელიც სულ მალე დაატყდებოდა თავს ეკლესიას, იწინასწარმეტყველა ხატმბრძოლობის ერესის გაჩენა. დამწუხრებულმა წმიდა პატრიარქმა თომამ ღირს მამას სთხოვა, რომ ამ უბედურების დატრიალებამდე მიეღო უფალს მისი სული. 610 წელს წმიდა პატრიარქი თომა აღესრულა. სიკვდილის წინ მან კურთხევა სთხოვა ღირს თეოდორეს. წმიდა თეოდორე სიკეველმა 613 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. |