| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მაქსიმიანე
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მაქსიმიანე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი დაიბადა მდიდარი და ღვთისმოსავი რომაელის ოჯახში. უბრალოებით გამორჩეულ წმიდა მაქსიმიანეს განდეგილური ცხოვრება იზიდავდა. თუ ვინმე წმიდა ცხოვრებით გამორჩეული ადამიანი გარდაიცვლებოდა, მაქსიმიანე მას საკუთარი ხარჯით ასაფლავებდა. სიწმიდისა და ქველმოქმედებისათვის პატრიარქმა სისინიუსმა (426-427) იგი მღვდლად აკურთხა, მწვალებელი პატრიარქი ნესტორის (428-431) განდევნის შემდეგ კი, 431 წლის 26 ოქტომბერს, ღირსი მამა კონსტანტინოპოლის ეკლესიის საჭეთმპყრობელად დაადგინეს. ეს მოხდა წმიდა მეფის, იმპერატორ თეოდოსი მცირესის (408-450) მეფობის ჟამს. წმიდა მაქსიმიანე მშვიდობით მიიცვალა 434 წლის 14 აპრილს, დიდი ხუთშაბათს. ღირსი ისააკი, აპოლოსი, კოდრატე წარმართები იყვნენ და იმპერატორ დიოკლიტიანეს (284-305) კარზე მსახურობდნენ. ისინი დაესწრნენ წმიდა გიორგის (ხს. 23 აპრილს და 10 ნოემბერს) წამებას, იხილეს დიდმოწამის სარწმუნოება, თავდადება, უფლის ძალით აღსრულებული სასწაულები და ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი. წმიდანებმა საჯაროდ აღიარეს თავიანთი სარწმუნოება და ამხილეს იმპერატორი უსჯულოებასა და სისასტიკეში, რისთვისაც სიკვდილით დაისაჯნენ: წმიდა კოდრატეს თავი მოჰკვეთეს, მოწამენი აპოლოსი და ისააკი კი შიმშილით გარდაიცვალნენ ნიკომიდიაში (303 წელს). |