მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი თეოდორე, დედა მისი ფილიპია, დიოსკორე, სოკრატე და დიონისე
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი თეოდორე, დედა მისი ფილიპია, დიოსკორე, სოკრატე და დიონისე აღესრულნენ იმპერატორ ანტონიუს პიუსის (138-161) დროს. როცა სამხედრო სამსახურისთვის ლამაზ და ჯანმრთელ ყმაწვილებს არჩევდნენ, სხვებთან ერთად მხედართმთავარ თეოდორიტეს მიჰგვარეს ჭაბუკი თეოდორეც.

მხედართმთავარმა ჭაბუკს კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა, მან კი მხნედ აღიარა, რომ ქრისტიანი იყო. თეოდორიტემ ბრძანა, წმიდანი გახურებულ ქვაბში ჩაესვათ და ადუღებული ფისი გადაესხათ, მაგრამ, როგორც კი ბრძანების შესრულება დაიწყეს, მოხდა სასწაული: მიწა იძრა და ნაპრალიდან ამოხეთქილმა წყალმა ცეცხლი ჩააქრო. უვნებლად გადარჩენილმა წმიდა თეოდორემ ღმერთი ადიდა და მხედართმთავარს შესთავაზა, კერპების მეშვეობით გაემეორებინა ეს სასწაული.

თეოდორიტემ ქურუმ დიოსკორეს მოსთხოვა, გახურებულ ქვაბში ჩაწოლილიყო და მხსნელად ზევსისთვის მიემართა. დიოსკორემ უპასუხა, რომ მან უკვე ქრისტე იწამა და მზად იყო ზევსის კერპი ცეცხლში ჩააგდოს. მხედართმთავარმა კვლავ გაუმეორა ბრძანება აწ უკვე ქურუმყოფილს. მაშინ დიოსკორე ფეხებში ჩაუვარდა წმიდა თეოდორეს და სთხოვა, ელოცა მისთვის, თვითონ კი ქვაბში ფეხი ჩადგა ლოცვით: „გმადლობ შენ, უფალო იესო ქრისტე, რამეთუ შემრაცხე მონათა შენთა თანა, მიიღე მშვიდობით სული ჩემი“.

წმიდა თეოდორე ველურ ცხენებს გამოაბეს. ქალაქის კედლებთან რბევისგან ქანცგაწყვეტილი ცხენები დავარდნენ, მოწამე კი უვნებლად გადარჩა.

ორმა მხედარმა, სოკრატემ და დიონისემ იხილეს, თუ როგორ აამაღლა წმიდა თეოდორე ზეციდან გარდმოსულმა ცეცხლოვანმა ბორბალმა. მათ გაოცებისაგან შესძახეს: „დიდ არს ღმერთი ქრისტიანეთა“. ახალი აღმსარებლები მაშინვე დაიჭირეს და მეორე დღეს წმიდა თეოდორესთან ერთად გახურებულ ქვაბში ჩაყარეს. ზეციურმა ცვარმა ქვაბი გააგრილა და წმიდანები უვნებლად დაიცვა. დილით მხედართმთავარმა ჯარისკაცებს უბრძანა, მოწამეთა დამწვარი ძვლები ქვაბიდან გადმოეყარათ, მაგრამ გაოცებულმა მსახურებმა თეოდორიტეს აუწყეს, რომ ჭაბუკები უვნებელნი იყვნენ. სასწაულებრივად გადარჩენილ წმიდა თეოდორესთან მივიდა დედა-ფილიპია და გაამხნევა.

თეოდორიტემ ქალს უბრძანა, მსხვერპლი შეეწირა კერპებისათვის და ამით შვილი გადაერჩინა. წმიდა ფილიპიამ კი უპასუხა: ძის შობამდე მაუწყაო უფალმა, რომ იგი ჯვარზე აღესრულებოდა. მაშინ თეოდორიტემ ბრძანა, თეოდორე ჯვარზე გაეკრათ, სხვებისთვის კი თავები მოეკვეთათ.

წმიდა მოწამე სამი დღე ეკიდა ჯვარზე და სულის ამოხდომამდე უფალს განადიდებდა.