| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მღვდელმოწამე იანუარიუს ეპისკოპოსი, მოწამენი: ფავსტო, პროკულე და სოსიოსი დიაკონნი, დისიდერიოს წიგნისმკითხველი, ევტიქო და აკუტიონი
#წმინდათა ცხოვრება მღვდელმოწამე იანუარიუს ეპისკოპოსი, მოწამენი: ფავსტო, პროკულე და სოსიოსი დიაკონნი, დისიდერიოს წიგნისმკითხველი, ევტიქო და აკუტიონი იმპერატორ დიოკლიტიანეს დევნის დროს აღესრულნენ ქრისტესათვის. წმიდა იანუარიუსი შეიპყრეს და მიჰგვარეს კამპანიის (შუა იტალია) მმართველ ტიმოთეს. წმიდა ეპისკოპოსი გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ ბაბილონელ ყრმათა მსგავსად უვნებლად გამოვიდა ცეცხლიდან. ამის შემდეგ წმიდა მოწამე შეკრეს და სასტიკად სცემეს. წამების ადგილას თავმოყრილ ბრბოში იდგნენ წმიდა დიაკონი ფავსტო და წმიდა დისიდერიოს წიგნისმკითხველი, რომლებიც ეპისკოპოსის ტანჯვას შემყურენი, გულისტკივილს ვერ მალავდნენ და ტიროდნენ. წარმართები მიხვდნენ, რომ ისინიც ქრისტიანები იყვნენ და მღვდელმოწამე იანუარიუსთან ერთად შეიპყრეს. ციხეში მათ დახვდნენ ქრისტიანობისათვის დევნილნი წმიდა დიაკონნი: სოსიოსი და პროკულე და ერისკაცები: წმიდა ევტიქი და აკუტიონი. მეორე დილით ყველანი ცირკში წაიყვანეს და მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ ნადირებმა მათ პირი არ დააკარეს. ტიმოთემ განაცხადა, რომ ეს სასწაული ქრისტიანთა ჯადოქრობით აღესრულებოდა. მკრეხელს ღვთის რისხვა დაატყდა თავს: იგი დაბრმავდა და სასოწარკვეთილმა მშველელს უხმო. მღვდელმოწამე იანუარიუსმა ილოცა ტიმოთეს განკურნებისათვის და მას თვალები აეხილა, მაგრამ სულიერად მაინც ბრმა დარჩა: კვლავ გამძვინვარებული აბრალებდა ქრისტეს აღმსარებლებს ჯადოქრობას. მმართველის ბრძანებით ეპისკოპოსი იანუარიუსი, დიაკონნი: ფავსტო, პროკულე და სოსიოსი, დისიდერიოს წიგნისმკითხველი, ევტიქი და აკუტიონი ქალაქგარეთ გაიყვანეს და თავები მოჰკვეთეს (305). |