| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა ანასტასი II
#წმინდათა ცხოვრება წმიდა ანასტასი II ანტიოქიის პატრიარქის ტახტზე ავიდა წმიდა ანასტასი I სინელის შემდეგ. როცა იმპერატორმა ფოკამ (602-610) წმიდა ანასტასის გავლენით გამოსცა ბრძანება, რომ იმპერიის ყველა ქვეშევრდომს წმიდა ნათლისღება მიეღო, ქრისტეს მოძულე იუდეველები გულისწყრომით აღივსნენ და წმიდა პატრიარქი სიცოცხლეს გამოასალმეს (დაახლ. 609). ღირსი ანასტასი, სინელი იღუმენი დაიბადა VI საუკუნის ბოლოს. წმიდა მამამ მიიღო ბრწყინვალე საერო და სასულიერო განათლება. ღირსი ანასტასი ახალგაზრდობაში აღიკვეცა ბერად, შემდგომ იერუსალიმს გაემგზავრა და სინას მთაზე დაეყუდა. ამ დროს სინას მთის იღუმენი იყო ღირსი იოანე კიბის აღმწერელი (ხს. 30 მარტს), რომელსაც შეენაცვლა მისი ძმა, გიორგი. გიორგის შემდეგ საძმოზე ზრუნვა ღირს ანასტასის დაევალა. ღირსმა მამამ დიდი ღვაწლი გასწია აკათელიტების ერესის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც V საუკუნის მსოფლიო კრების (451) მიერ დადგენილ ქრისტეს ორ ბუნებას უარყოფდა. მართლმადიდებლობის ქადაგებით ღირსმა ანასტასიმ მოიარა ეგვიპტე, არაბეთი, სირია. მონოფიზიტებთან საბრძოლველად მან თავის მოწაფეებს დაუტოვა კითხვა-მიგების ფორმის, 24 თავისგან შემდგარი სახელმძღვანელო სახელწოდებით „გზამკვლევი“. ჩვენამდე მოაღწია წმიდა მამის თხზულებებმა „თარგმანებანი ექვსთა დღეთა“ (12 წიგნი), სიტყვებმა, სწავლებებმა და საღვთო წერილის ადგილთა განმარტებებმა. ღირსი ანასტასი სინელი გარდაიცვალა ღრმა მოხუცებულობაში (დაახლოებით 685). |