| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა გრიგოლი და ანასტასი სინელი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა გრიგოლი, ანტიოქიის პატრიარქი სინას მთასთან მდებარე ფარანის მონასტრის იღუმენი იყო. კეთილი და მდაბალი ღირსი მამა ყველას ძალიან უყვარდა. ერთხელ, იღუმენობისას, წმიდა გრიგოლმა გამოქვაბულში მოღვაწე მეუდაბნოე ბერი მოინახულა. მეუდაბნოემ პატივით მიიღო წმიდა მამა და ფეხები დაბანა. როცა წმიდა გრიგოლმა ასეთი პატივით დახვედრის მიზეზი იკითხა, მეუდაბნოემ უპასუხა, ღვთის გამოცხადებით ჩემს წინ მომავალი პატრიარქი დგასო. მართლაც, 572 ან 570 წელს, წმიდა ანასტასი I-ის (ხს. 20 აპრილს) გადასახლების შემდეგ, წმიდა გრიგოლი იძულებით აიყვანეს ანტიოქიის პატრიარქის ტახტზე. წმიდა მღვდელმთავარი სიცოცხლის ბოლომდე (593-596) ღირსეულად ატარებდა პატრიარქობის მძიმე ჯვარს. წმიდა ანასტასი I სინელი, ანტიოქიის პატრიარქი სინას მთაზე მოღვაწეობდა და ამის გამო იწოდება სინელად. იგი პატრიარქის ტახტზე ავიდა 562 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) დროს. იმ ხანებში ფართოდ გავრცელდა მონოფიზიტთა ერესი. წმიდა ანასტასიმ გაილაშქრა მწვალებელთა წინააღმდეგ: ეპისტოლეები დაუგზავნა ეკლესიებს, თვითონაც ყოველდღიურად განუნმარტავდა ხალხს სწავლებას იესო ქრისტეს ორი ბუნების შესახებ. იმ პერიოდში იმპერატორმა იუსტინიანემ შექმნა საოცარი ლოცვა: „მხოლოდშობილი ძე და სიტყვა ღვთისაი უკვდავი არსება“, რომელიც საღვთო ლიტურგიაზე იგალობება. მასში გამოხატულია მართლმადიდებლური სწავლება იესო ქრისტეს ორ ბუნებაზე. იუსტინანეს შემდეგ ტახტზე ავიდა იმპერატორი იუსტინე უმცროსი (656-578), რომელმაც დევნა დაუწყო წმიდა ანასტასის და 572 (სხვა ცნობით 570) წელს გადაასახლა კიდეც. 593 წელს პატრიარქი დაბრუნდა გადასახლებიდან, კვლავ ეკლესიის საჭეთმპყრობელი გახდა და მიცვალებამდე კეთილად განაგებდა სამწყსოს (598-601). გადასახლებაში ანასტასიმ დაწერა რამდენიმე დოგმატიკური და სამოძღვრო თხზულება და ბერძნულად თარგმნა წმიდა გრიგოლ დიოლოღოსის (604; ხს. 12 მარტს) „სამოძღვრო მსახურებისათვის“. |