| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა ტრიფონი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა ტრიფონი კონსტანტინოპოლის პატრიარქი სიყრმეში აღიკვეცა ბერად. ამ დროს, ბიზანტიაში მეფობდა იმპერატორი რომანოზი (919-944), რომელსაც სურდა პატრიარქის ტახტზე აღესაყდრებინა თავისი უმცროსი ძე თეოფილაქტე. როცა პატრიარქი სტეფანე (925-928) გარდაიცვალა, თეოფილაქტე 16 წლისა იყო. იმპერატორმა ღირს ტრიფონს სთხოვა, პატრიარქი ყოფილიყო თეოფილაქტეს სრულწლოვანებამდე. ღირსმა ტრიფონმა მორჩილებით მიიღო საპატრიარქო მსახურების სიმძიმე და სამი წლის განმავლობაში ბრძნულად განაგებდა ეკლესიას. როცა თეოფილაქტე ოცი წლის გახდა, იმპერატორმა წმიდა ტრიფონს შესთავაზა, უარი ეთქვა პატრიარქის ხარისხზე. ღირსი ტრიფონი შეუძლებლად მიიჩნევდა გამოუცდელი ყმაწვილის საჭეთმპყრობელობას და უარი თქვა იმპერატორის წინადადებაზე. იმპერატორმა საბაბი ვერ გამონახა პატრიარქის გადასაყენებლად, მაგრამ ისარგებლა კესარიის ეპისკოპოსის, თეოფილეს ვერაგობით. თეოფილე მივიდა ღირს ტრიფონთან, მოუწონა გადაწყვეტილება, მაგრამ ურჩია წინასწარი ზომებიც მიეღო; მის უწიგნურობაზე იმპერატორის აზრის გასაბათილებლად ფურცელზე დაეწერა თავისი სრული ტიტული. უბოროტო ტრიფონმა სუფთა ფურცელზე დაწერა: „ტრიფონი - ნებითა ღვთისათა მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ახალი რომისა, მსოფლიო პატრიარქი“. იმპერატორის ბრძანებით ხელმოწერას ვერაგულად დაუმატეს შემდეგი წინადადება: „პატრიარქის ტახტს ვტოვებ მხოლოდ იმიტომ, რომ თავს ღირსად არ ვთვლი“. როდესაც ეს ნაყალბები წაიკითხეს, წმიდა ტრიფონი პატრიარქის სასახლიდან გააძევეს. ღირსმა ტრიფონმა სულგრძელად დაითმინა საშინელი ღალატი, მონასტერში დაბრუნდა და აღსასრულამდე იქ ცხოვრობდა (933). მისი გვამი კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და პატრიარქის საძვალეში დაკრძალეს. |