| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მოწამე იოანე ახალი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოწამე იოანე ახალი (1526) დაიბადა საბერძნეთში, ქალაქ იანინში. დაობლების შემდეგ წმიდა იოანე კონსტანტინოპოლში წავიდა. მშობლების დანატოვარი თანხით ქალაქის ბაზარში პატარა შენობა იყიდა და ხელოსნობა დაიწყო. წმიდა იოანე შრომისმოყვარე იყო, პატიოსნად ასრულებდა ყველა შეკვეთას და საქმეც კარგად მისდიოდა, მაგრამ მისი სული ცათა სასუფეველს მიელტვოდა. წმიდა იოანე მძიმე დროში ცხოვრობდა. კონსტანტინოპოლი თურქებს ჰქონდათ დაპყრობილი და ქრისტიანები ძლიერ იდევნებოდნენ. მრავალი ქრისტიანი ხელოსანი და ვაჭარი გამაჰმადიანდა. წმიდა იოანე მტკიცედ იცავდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას და საყვედურობდა განდგომილებს, რისთვისაც მათ მოიძულეს წმიდანი და მისი დაღუპვა განიზრახეს. იოანემ ეს იცოდა, მაგრამ არ ეშინოდა, რადგან თვითონვე ეძებდა სიკვდილს ქრისტესათვის. დიდ პარასკევს წმიდა იოანე თავის მოძღვართან წავიდა და კურთხევა სთხოვა მოწამებრივი ღვაწლისათვის. მღვდელმა ჭაბუკს ურჩია, ლოცვითა და მარხვით მომზადებულიყო წამებისათვის. წმიდა იოანე მხურვალედ ევედრებოდა უფალს განემტკიცებინა იგი. წმიდანმა დიდ შაბათს ძილში იხილა, რომ ცეცხლოვან ღრუბელზე იდგა და გალობით განადიდებდა უფალს. ეს ხილვა მან მოწოდებად მიიღო, უფლის წმიდა სისხლსა და ხორცს ეზიარა და მოძღვარს კვლავ სთხოვა კურთხევა. ბაზარში მოსულ წმიდა იოანეს ხელოსნებმა ქრისტიანობისთვის ყვედრება დაუწყეს. პასუხად წმიდანმა ხმამაღლა განაცხადა, რომ ქრისტიანი იყო და არასდროს უარყოფდა თავის სარწმუნოებას. მაშინ რჯულის მოღალატეებმა სასამართლოში დაასმინეს წმიდა მოწამე. მსაჯულები ცდილობდნენ გადაებირებინათ იგი, მაგრამ წმიდა იოანემ მტკიცედ დაიცვა თავისი აღმსარებლობა. წმიდანს რამდენიმე დღე უმოწყალოდ სცემდნენ, შემდეგ კი ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს. წმიდა იოანე სიხარულით შეხვდა განაჩენს, აგიზგიზებულ კოცონზეც სიხარულით ავიდა, მაგრამ ჯალათებმა ცეცხლიდან გამოიყვანეს და თავი მოჰკვეთეს, გვამი კი კვლავ კოცონში შეაგდეს. ქრისტიანებმა შეაგროვეს წმიდანის ძვლები და ტაძარში დაკრძალეს. |