მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ბასილი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი ბასილი იყო საქართველოს კათოლიკოს ევფემიოსის (ექვთიმე III) ბიძა.  წინასწარჭვრეტის მადლით გაბრწყინებული წმიდა ბასილი ათონის მთაზე მოღვაწეობდა.

წმიდა დემეტრე თავდადებულის (ხს. 12 მარტს) მეფობის დროს საქართველო საყოველთაო განუკითხაობამ მოიცვა. ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე, მეფე იძულებული იყო მონღოლთა სურვილები აესრულებინა და ურჯულოთა მხარდამხარ ებრძოლა. გაუთავებელ ომებს ქართველთა სისხლი ეწირებოდა. ამას დაერთო ჩვენი ცოდვების გამო გარდამოვლენილი სასჯელი ღვთისა-საშინელი მიწისძვრა, რომელმაც მთელი სამცხე და ქართლი დაანგრია.

ქვეყანა გაღატაკდა, გავერანდა, დაიწყო შინაომები, ქართველები მტრებსაც კი აღემატებოდნენ უზნეობით და ურჩობით. 15 წლის მეფე პოლიტიკური მოსაზრებით  ტრაპიზონის სამეფო ტახტის მფლობელის, კომნენოსის ასულზე დააქორწინეს. შემდეგ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მონღოლთა ნოინის ასული სოღლარი შერთეს, მესამე ცოლად კი თავად მოიყვანა ბექა ჯაყელის ასული ნათელა. ასე რომ ყოველგვარი სულიერი სათნოებით შემკული მეფე სამი ცოლის პატრონი შეიქმნა.

ამგვარი საქციელის გამო მეფე ამხილა საქართველოს კათოლიკოსმა ნიკოლოზმა, და როცა ვერარა შეასმინა, თავად განიძარცვა საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელის სამოსი.

წარმართებში აღრეული მეფის სამხილებლად წმიდა ათონის მთიდან ჩამოვიდა ღირსი ბასილი, მეფეს მიეხალა და მოუწოდა, დაეტოვებინა „უწესო ქორწინებანი“, სამაგიეროდ კი შეჰპირდა: „მე თავს-მდებ გექმნე, რათა კეთილად წარგემართოს მეფობა შენი“.

ღირსმა ბასილიმ მეფესთან ერთად მთავრებიც ამხილა და მათი დაფარული გულის ზრახვანი განაცხადა. დემეტრემ და მისმა ამალამ უგულებელყვეს სათნოებით გაბრწყინებული მონაზვნის ნათქვამი. მაშინ წმიდა ბერმა მომავალი უწინასწარმეტყველა მეფეს: „ბოროტად და უპატიოდ მოიკლა მძლავრთა მიერ და ოხერ იქმნე სამეფოსაგან შენისა და შვილნი შენნი და აჰა ესე რა და მთავართა გეტყვ და ვესავ ყოვლადწმიდასა ღვთისმშობელსა, რომელ სრულ იქმნეს და აღესრულოს სიტყუაი ჩემი. უკეთუ ეგო უწესობასა მაგას. მე აჰა ესე რა წარვალ“.

გაოგნებულმა მეფემ მდუმარედ მოისმინა ბერის სიტყვები და თავი დადრიკა, რადგან წმიდა კაცთა პატივისმცემელი იყო.

მალე გაცხადდა ბასილი მთაწმიდელის წინასწარმეტყველება. საქართველოს მეფესა და მის ერს განსაცდელი გარდამოვიდა. მონღოლთა სამეფო კარზე ატეხილი ინტრიგების გამო მეფე დემეტრე ურდოში დაიბარეს. ბოროტად და უპატიოდ მოიკლა ქრისტეს მიერ შეყვარებული მეფე მძლავრთა მიერ. „სხუამან დაიპყრა“ სამეფო მისი- იმერეთიდან დავითი ნარინის ძე მოიხმეს და მას ჩააბარეს დემეტრეს ტახტი, „შვილნი მისნი მომოდაიბნინეს“: ტრაპიზონის მეფის ასულმა შვილებითურთ -ვახტანგით, ლაშათი და მანოველით მთიულეთს შეაფარა თავი, სოღლარმა თავის სახლობას წაიყვანა შვილები: ბაადური, იადგარი და ჯიგდა- ხათუნი, უმცროსი ძე კი-გიორგი (მომავალში გიორგი ბრწყინვალე) ნათელასთან ერთად ბაბუამ, ბექა ჯაყელმა შეიკედლა და გაზარდა.

ასე მოევლინა უფალი „ჟამით-ჟამამდე“ საქართველოს სამხილებლად და გამოსაფხიზლებლად წმიდანებს, რომელთა სახელები ცათა შინა არს დაწერილი.