მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ზოსიმე სოლოვკელი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი ზოსიმე სოლოვკელი, დაიბადა ნოვგოროდის ეპარქიაში, ონეგის ტბის მახლობლად. ის ღვთისმოსავ გარემოში იზრდებოდა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ კი ქონება დაარიგა და ბერად აღიკვეცა.

განმარტოებული ადგილის ძებნაში ღირსი მამა გაემგზავრა თეთრი ზღვის სანაპიროზე და იქ შეხვდა ღირს გერმანეს (ხს. 30 ივლისს), რომელმაც მოუთხრო ერთი უკაცრიელი კუნძულის შესახებ.

დაახლოებით 1436 წელს განდეგილებმა მშვიდობით მიაღწიეს კუნძულს. უფალმა მათი საცხოვრებელი აკურთხა ღვთაებრივი გამოცხადებით, რომელიც ღირსმა ზოსიმემ იხილა. ბერებმა შიშველი ხელებით დაიწყეს მუშაობა, ააშენეს სენაკები, დაამუშავეს მიწა. ერთხელ, შემოდგომაზე მამა გერმანე მატერიკზე წავიდა სანოვაგისათვის, უკან დაბრუნება ვერ მოახერხა და მამა ზოსიმე მთელი ზამთარი მარტო დარჩა კუნძულზე. წმიდა ბერს მრავალი ცდუნების დაძლევა მოუხდა. მას გარდაუვალი შიმშილით სიკვდილი ემუქრებოდა, მაგრამ სასწაულებრივ გამოჩენილმა ორმა უცნობმა დაუტოვა პური, ფქვილი და ზეთი. გაზაფხულზე მამა გერმანე დაბრუნდა მეთევზე მარკოზთან ერთად და სანოვაგე ჩამოიტანა.

როცა კუნძულზე რამდენიმე განდეგილმა მოუყარა თავი, მამა ზოსიმემ მათთვის ააშენა ხის ეკლესია უფლის ფერისცვალების სახელზე. მისი თხოვნით ნოვგოროდიდან ახლადდაარსებულ სავანეში ჩავიდა იღუმენი და ჩაიტანა ოდიკი ეკლესიისათვის. ასე დაედო საფუძველი სახელგანთქმულ სოლოვკის მონასტერს. მკაცრ ბუნებრივ პირობებში ძმებმა მოახერხეს მოეწყოთ მეურნეობა, მაგრამ ნოვგოროდიდან გამოგზავნილი წინამძღვრები ვერ ეგუებოდნენ უჩვეულო გარემოს, ამიტომ ძმებმა იღუმენად ღირსი ზოსიმე აირჩიეს.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ზოსიმემ თვითონ დაამზადა თავისი კუბო. დაასაფლავეს ფერისცვალების ტაძრის წინ (1478 წ. 17 აპრილი). 1566 წლის 8 აგვისტოს ზოსიმესა და საბატის წმიდა ნაწილები გადაასვენეს ფერისცვალების ტაძარში.