| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი აკაკი მელიტინელი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი აკაკი მელიტინელი დაიბადა სომხეთის ქალაქ მელიტინში. მის მშობლებს დიდხანს არ ეძლეოდათ შვილი. ისინი უფალს ევედრებოდნენ მემკვიდრის მონიჭებას და ჰპირდებოდნენ, რომ თუ შვილი მიემადლებოდათ, მას ღვთის სამსახურში ჩააყენებდნენ. მართლაც ყრმა აკაკი მელიტინის ეპისკოპოს ოტრიოსს მიაბარეს. ეპისკოპოსი სიყვარულით ზრდიდა აკაკის: ჯერ წიგნისმკითხველად დაადგინა, შემდეგ დიაკვნად დაასხა ხელი, ბოლოს კი მღვდლადაც აკურთხა. წმიდა აკაკი ერთგულად ემსახურებოდა ეკლესიას, ხალხს ასწავლიდა წმიდა წერილს, განუმარტავდა მართლმადიდებლურ მრწამსს. მის მოწაფეთა შორის იყო თვით ექვთიმე დიდი (473; ხს. 20 იანვარს). ოტრიოსის გარდაცვალების შემდეგ მრევლის სურვილით მელიტინის კათედრაზე წმიდა აკაკი იქნა დადგენილი. ის ბრძნულად განაგებდა სამწყსოს. მტკიცე რწმენის, მორჩიელბისა და მოღვაწეობისათვის მას უფლისგან სასწაულქმედების ნიჭი მიემადლა. ერთხელ, როცა გვალვიან ზაფხულში ღია ცის ქვეშ ლიტურგიას აღასრულებდა, ბარძიმში ჩასხმულ ღვინოს მოულოდნელად წვიმის წვეთები შეუერთდა და გამხმარ მიწას სიცოცხლე დაუბრუნდა. მისი ლოცვით წყალდიდობისას, ნაპირებიდან გადმოსული მთის მდინარე იმ ადგილას გაჩერდა, სადაც წმიდანმა ქვა დადო. მდინარე აზარის ერთ-ერთ კუნძულზე ეპისკოპოსმა, მიუხედავად წარმართთა წინააღმდეგობისა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ააგო. მშენებლებმა ბოროტი განზრახვით თაღი ცუდად გააკეთეს. ლიტურგიის დროს თაღმა ჩამოიწია და ის-ის იყო უნდა ჩამონგრეულიყო. შეშინებული მლოცველები ტაძრიდან გასაქცევად მოემზადნენ, მაგრამ წმიდა ეპისკოპოსმა ისინი ფსალმუნის სიტყვებით შეაჩერა: „უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდის“. (ფს. 26,1). თაღი გაჩერდა და თითქოს ჰაერში დაეკიდა. ჩამოიქცა მხოლოდ მაშინ, როცა ლიტურგია დამთავრდა და ეპისკოპოსი უკანასკნელი გავიდა ტაძრიდან. ამის შემდეგ ტაძარი თავიდან ააშენეს. წმიდა აკაკი მონაწილეობდა III მსოფლიო კრებაში და მტკიცედ იცავდა მართლმადიდებლური სარწმუნოების დოგმატებს. იგი მშვიდობით მიიცვალა 434 წელს. |