მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მღვდელმოწამე სვიმეონ სპარსთა ეპისკოპოსი და მისი თანამოწამენი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მღვდელმოწამე სვიმეონ სპარსთა ეპისკოპოსი და მისი თანამოწამენი: ავდელი და ანანია ხუცესნი, ქუსდაზატ საჭურისი, ფუსუკი, აზატი, ასკიტრეა და სხვანი (344). წმიდა სვიმეონ ეპისკოპოსი მოწამეობრივად აღესრულა სპარსეთის მეფის, საპორ II-ის დროს. წმიდანს ბრალად დასდეს ბერძნებთან ურთიერთობა და სპარსეთის მეფის წინააღმდეგ მტრული ქმედებანი.

344 წელს მეფემ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ქრისტიანებს დიდი ხარკი დაეკისრათ. როდესაც ზოგიერთმა მის გადახდაზე უარი თქვა, მეფემ ქრისტიანთა საყოველთაო დევნა გამოაცხადა, წმიდა სვიმეონი ბორკილდადებული მიიყვანეს სასამართლოზე ორ ხუცესთან: ავდელისა და ანანიასთან ერთად. წმიდა ეპისკოპოსი არც მიესალმა მეფეს. როცა საპორმა იუცხოვა მის მიმართ ასეთი უპატივცემულო დამოკიდებულება, სვიმეონმა უთხრა: „ადრე მე პატივს მივაგებდი შენს ხარისხს, ახლა კი მოყვანილი ვარ ქრისტეს უარსაყოფად, ამიტომ არ ეგების შენი თაყვანისცემა“.

მეფემ ეპისკოპოსს მოსთხოვა თაყვანი ეცა მისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ მთელ სახელმწიფოში აღმოფხვრიდა ქრისტიანობას. ვერც რჩევამ, ვერც მუქარამ ვერ მოტეხა წმიდა ეპისკოპოსი. ის ციხეში გადააგზავნეს. გზად მიმავალს შემოხვდა მეფის გამზრდელი საჭურისი ქუსდაზატი. მან თაყვანი სცა ეპისკოპოსს, მაგრამ წმიდა სვიმეონმა პირი იბრუნა მისგან და უსაყვედურა, რომ მან წამების შიშით მზეს სცა თაყვანი. საჭურისმა მთელი გულით შეინანა ცოდვა, ძვირფასი სამოსელი ძონძებით შეიცვალა და სასახლის კარებთან ატირდა: „ვაი ჩემდა, ვითარც წარვსდგე წინაშე ღვთისა ჩემისასა, რომელი უარვჰყავ მე? სვიმეონმაც ზურგი მაქცია“. მეფემ გაიგო საყვარელი გამზრდელის მწუხარება და მიზეზი ჰკითხა. საჭურისმა მეფეს განუცხადა, რომ ნანობს თავის განდგომას და დღეიდან მხოლოდ ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს ეთაყვანება. მეფეს გაუკვირდა მოხუცის გადაწყვეტილება და ურჩია, პატივი მიეგო მამა-პაპათა ღმერთებისათვის. ქუსდაზატი შეურყეველი იყო, ქრისტეს აღსარებისათვის მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. წმიდა მოწამის ერთადერთი თხოვნა იყო, რომ მაცნეებს მთელი ქალაქისთვის შეეტყობინებინათ, იგი ქრისტიანობისთვის მოკლეს. მეფემ აღმზრდელს თხოვნა შეუსრულა.

წმიდა ქუსდაზატის სიკვდილის ამბავი წმიდა სვიმეონის ყურამდეც მივიდა. მან ცრემლებით განადიდა უფალი. ამის შემდეგ წმიდა ეპისკოპოსს ისევ შესთავაზეს ქრისტეს უარყოფა და როცა პასუხად კვლავ უარი მიირეს, გამძვინვარებულმა მეფემ ბრძანა, მღვდელმთავრის წინაშე თავი მოეკვეთათ საპყრობილეში მყოფი ყველა ქრისტიანისთვის. წმიდანის კურთხევით ქრისტიანები უშიშრად მიდიოდნენ სასიკვდილოდ. ასე აღესრულა წმიდა სვიმეონის თანამოღვაწე ავდელი. როდესაც ანანია ხუცესის რიგი მოვიდა, იგი უცებ შეყოყმანდა. ერთ-ერთმა დიდებულმა, ფარულმა ქრისტიანმა ფუსიკმა იფიქრა, რომ წმიდა ანანია დაბრკოლდა და ხმამაღლა შესძახა: „ნუ გეშინიან ანანია, დახუჭე თვალი და იხილავ ღვთაებრივ ნათელს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი“. ამით მან თავი გასცა. საპორის ბრძანებით ფუსიკს ენა ამოგლიჯეს, შემდეგ კი ტყავი გააძვრეს. მასთან ერთად აწამეს მისი ასული ასკიტრე. ჯალათთან უკანასკნელი მივიდა წმიდა სვიმეონი და ლოცვით მოუდრიკა თავი (13 აპრილი, 344 წელი). მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე გრძელდებოდა ქრისტოანთა წამება. მოწამეობრივად აღესრულა მეფის ახლობელი კარისკაცი აზატ საჭურისიც. ისტორიკოსები მიუთითებენ, რომ იმ დღეებში 1250 ქრისტიანი ეწამა.