| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა ქალწულმოწამენი აღაპია, ირინე და ქიონია
#წმინდათა ცხოვრება წმიდა ქალწულმოწამენი აღაპია, ირინე და ქიონია დები იყვნენ. ისინი იტალიის ქალაქ აკვილაში ცხოვრობდნენ. სიყრმეშივე დაობლებული დები ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდნენ და სამონაზვნოდ ემზადებოდნენ. მათ სულიერ მოძღვარს, მღვდელ ზენონს ღვთაებრივი გამოცხადებით ეუწყა, რომ მალე აღესრულებოდა, წმიდა ქალწულებს კი აწამებდნენ. ასეთი გამოცხადება ჰქონდა აკვილაში დიდმოწამე ანასტასიას (304. ხს. 22 დეკემბერს), მან მოინახულა დები და განამტკიცა რწმენაში. მალე წინასწარმეტყველება ახდა: მღვდელი ზენონი გარდაიცვალა, დები კი შეიპყრეს და იმპერატორ დიოკლიტიანეს მიჰგვარეს. დების სილამაზით მოხიბლულმა დიოკლიტიანემ წმიდანებს ქრისტეს უარყოფა შესთავაზა და დაჰპირდა, რომ თავისი ამალიდან საუკეთესო საქმროებს შეურჩევდა. წმიდა დებმა უპასუხეს, რომ ერთადერთი ზეციური საქმრო ჰყავთ - ქრისტე, რომლისთვისაც მზად არიან ეწამონ და არაფერზე გასცვილან მას. დიოკლიტიანე მაკედონიაში წავიდა და დები თან წაიყვანა. აქ ისინი სამსჯავროზე გადასცეს ქალაქის მმართველ დულკიციუსს. წმიდა მოწამეთა სილამაზით აღფრთოვანებული დულკიციუსი უკეთური ვნებით აღივსო. ის დებს თავისუფლების მინიჭებას დაჰპირდა იმ პირობით, თუ მის ველურ ვნებებს დაემორჩილებოდნენ. დებმა უპასუხეს, რომ ისინი მზად არიან ქრისტესათვის მოკვდნენ. დულკიციუსმა გადაწყვიტა, სურვილი ძალადობით აღესრულებინა. როცა დები ლოცვად დადგნენ, დულკიციუსი მიიპარა საპყრობილეს კართან, მაგრამ უხილავმა ძალამ გონება აურია, გარეთ გაიჭრა და უაზროდ დარბოდა. დულკიციუსმა იფიქრა, დებმა მომაჯადოვესო და გადაწყვიტა მათთვის სამაგიერო გადაეხადა. სამსჯავროზე მმართველმა ბრძანა, წმიდა მოწამეები გაეშიშვლებინათ, მაგრამ ტანსაცმელი თითქოს ტანზე მიეზარდათ, ჯალათებმა ვერაფრით მოაშორეს. დულკიციუსმა კი გონება დაკარგა და აზრზე მხოლოდ სახლში მოვიდა. ყოველივე ეს შეიტყო დიოკლიტიანემ. ის გაბრაზდა დულკიციუსზე და დები მსაჯულ სისინიოსს გადასცა. მსაჯულმა დაკითხვა უმცროსი ირინედან დაიწყო, მაგრამ ვერაფერს გახდა და მოწამე ციხეში ჩააგდო. შემდეგ წმიდა ქიონიას და აღათიას გადადრეკას შეეცადა. როცა აქაც ხელი მოეცარა, გამძვინვარებულმა, წმიდანების დაწვა ბრძანა. დებმა მოწამებრივი სიკვდილის მინიჭებისათვის უფალს მადლობა შესწირეს და ლოცვით ავიდნენ კოცონზე. როცა ცეცხლი ჩაქრა, გამოჩნდა წმიდანთა სრულიად უვნებელი გვამები: ტანსაცმელიც კი არ დამწვარა. მოწამეებს მშვიდი და ბრწყინვალე სახეები ჰქონდათ. მეორე დღეს სისინიოსმა წმიდა ირინეს მოყვანა ბრძანა. ის წმიდანს დების ბედის გაზიარებით ემუქრებოდა, შემდეგ კი დაემუქრა, თუ ქრისტეს არ უარყოფ - საროსკიპოში ჩაგაგდებო. წმიდა მოწამემ უპასუხა: „დაე ჩემი სხეული ძალადობის მსხვერპლი შეიქმნეს, სული ჩემი არ შეიბილწება ქრისტეს უარყოფით“. როცა სისინიოსის ჯარისკაცებს წმიდა ირინე საროსკიპოში მიჰყავდათ, მათ ორი ბრწყინვალე მხედარი დაეწია და უთხრა: „სისინიოსმა გიბრძანათ, მაღალ მთაზე აიყვანეთ ქალწული და იქ დატოვოთ, თქვენ კი მასთან დაბრუნდეთ და აუწყოთ ბრძანების შესრულება“. ჯარისკაცებმა ბრძანება შეასრულეს, მაგრამ როდესაც ამის შესახებ სისინიოსს აუწყეს, ის საშინლად განრისხდა, რადგან ასეთი ბრძანება არ ჰქონდა გაცემული. ბრწყინვალე მხედრები იყვნენ უფლის ანგელოზები, რომლებმაც წმიდა ქალწული შეურაცხყოფას გადაარჩინეს. მმართველი ჯარისკაცების თანხლებით წავიდა მთისკენ და ნახა მის მწვერვალზე მდგომი ქალწული. მათ დიდხანს ეძებეს მთის მწვერვალისკენ მიმავალი გზა, მაგრამ ვერ იპოვეს. ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ისარი ესროლა წმიდა ქალწულს. წმიდა ირინემ სისინიოსს დაუძახა: „სასაცილოა შენი უძლური ბოროტება, მე უმწიკვლო მივიცვლები ღვთისა ჩემისა იესო ქრისტეს მიმართ“ და მშვიდობით მიაბარა სული უფალს (304). |