მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი: სუქია, ანდრია, ანასტასი, თალალე, თეოდორიტე, ივქირიონი, იორდანე, კონდრატე, ლუკიანე, მიმნანოსი, ნერანგიოსი, პოლიევქტოსი, იაკობი ფოკა, დომენტიანე, ბიქტორი და ზოსიმე
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი: სუქია, ანდრია, ანასტასი, თალალე, თეოდორიტე, ივქირიონი, იორდანე, კონდრატე, ლუკიანე, მიმნანოსი, ნერანგიოსი, პოლიევქტოსი, იაკობი ფოკა, დომენტიანე, ბიქტორი და ზოსიმე ქართველი დიდებულები იყვნენ. ისინი ალბანეთის მთავრის კარზე მსახურობდნენ და შესაბამისი პატივიც ჰქონდათ მთავრისაგან.

სომეხთა მეფის არტაქსარის (88-121) დროს წმიდანები არტაშატში, სომხეთის მაშინდელ დედაქალაქში მოხვდნენ. ისინი ახლდნენ ალბანეთის მთავრის ასულს სათენეკს, რომელიც სომეხთა მეფეს გაჰყვა ცოლად. აქ ქადაგებდა წმიდა თეოდოზ მოციქულის მოწაფე და ხელდასხმული ხუცესი ქისოსი. ქართველი დიდებულები დაემოწაფნენ მას და გადაწყვიტეს, უფლის სამსახურისთვის გადაედოთ თავი. ქისოსმა ახალმოქცეულნი მესოპოტამიაში წაიყვანა და ევფრატის წყალში მონათლა. ნათლისღებისას მათ იხილეს ბორცვზე ქრისტე. ახალნათელღებული ქრისტიანები აღარ განეშორებოდნენ ადგილს, სადაც ნათელი იღეს, მაცხოვრის გამოცხადების ადგილას მათ ჯვარი აღმართეს და მას ჯვარი ხარებისა უწოდეს.

ამის შემდეგ ქისოსთან არტაქსარ მეფის გამოგზავნილი კაცები მივიდნენ და სთხოვეს, თავისი მოწაფეებისთვის სომხეთში დაბრუნება ებრძანებინა. ქისოსმა უპასუხა: „ნებისაებრ თვისისა აღირჩიონ მათ სარგებელი თვისი“. მოძღვრის სიმტკიცით გაცოფებულმა ბარბაროსებმა ქისოსი და ოთხი მოწაფე მახვილით მოსწყვიტეს, სუქიასთვის კი ხელი არ უხლიათ, რადგან ეშინოდათ დედოფლისა, რომელსაც წმიდანი ნათესავად ეკუთვნოდა.

სუქიამ და თავისმა თანამოძმეებმა დაფლეს სიმართლისათვის ვნენბულნი, თვითონ კი „დაადგრეს სამყოფელსა მათსა ანგელოსებრივთა ცხოვრებითა“.

ქისოსის მოწამებრივი აღსასრულის შემდეგ საძმოს სულიერი მოძღვარი წმიდა სუქია გახდა. მალე ისინი გადავიდნენ სუკაკეთის მთაზე, რომელიც სოფელ ბაღდევანდთან ახლოს მდებარეობდა. ყოფილი დიდებულები მკაცრი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდნენ. მათი საჭმელი იყო მთის ბალახი, სასმელი კი - ცივი წყაროს წყალი. გამუდმებით ღია ცის ქვეშ ცხოვრებამ მოწამეთა კანი გამომწვარ თიხას დაამსგავსა, სხეულს კი თმა მოედო, რომელიც მას ყოველგვარი სნეულებისგან იცავდა.

წარმართული ალბანეთის ახალმა მთავარმა დატიანოსმა შეიტყო, რომ მისმა ქვეშევრდომმა დიდებულებმა ნეთელი იღეს და განმარტოებით ცხოვრობდნენ. მან თავის კარისკაც ბარლაპას უბრძანა, სპითურთ წასულიყო სუკაკეთს და პატივით მოეყვანა სუქია და მისი თანმხლებნი, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი მახვილით მოეწყვიტა ისინი.

ბარლაპამ სუკაკეთის ტყეში იპოვა მამაკაცები, რომლებიც უტყვ ველურებს უფრო ჰგავდნენ, ვიდრე დიდებულებს, მან მეფის ბრძანება გადასცა სუქიას, პასუხად კი წმიდანმა მიუგო: „ჩვენ სახელისათვის უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესისა, რომელ არს შემოქმედი და უფალი ყოველთა მყოფთა, ნებსით მკუდარ ვიქმენით და დავიწყებულ ხორციელად და რად სადამე სახმარ მკვდართა პატივი მთავრობითი, რომელნიცა ქრისტეს ჩვენისაგან მისთანა უკვდავსა და უბერებელსა, წარუდგინებელსა და სამარადისოსა მოველით დიდებასა ანგელოსთა თანა წმიდათა“.

წმიდათა სიმტკიცით განრისხებულმა ბარლაპამ ბრძანა, შეეკრათ ძმები და ცეცხლი შემოენთოთ.

ცეცხლწაკიდებული წმიდა მოწამენი ბარლაპას ბრძანებით მახვილებით აკუწეს, მათი დანახშირებული ნაწილები კი მიმოაბნიეს.

ეს მოხდა 123 წელს (სხვა გადმოცემით - 130 წელს, ათონის ივერთა მონასტრის მეთერთმეტე  პერგამენტის მიხედვით - 100 წელს). უღმრთო მთავარმა წმიდანთა ნაწილების დამარხვა აკრძალა. ღვთის განგებულებამ 230 წლის განმავლობაში წმიდა ნაწილები უხრწნელად დაიცვა. IV საუკუნეში ქრისტიანებმა შეაგროვეს ისინი, ლუსკუმაში ჩაასვენეს და დაფლეს (წმიდათა სახელები კლდეზე აღმოჩნდა ამოკაწრული).

წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლმა, სომეხმა განმანათლებელმა (335; ხს. 30 სექტემბერს), წმიდა სუქიასა და მისი ძმების წამების ადგილზე ააგო ეკლესია და დააარსა მონასტერი. შემდგომ ამ ადგილას მაკურნებელმა წყალმა ამოხეთქა.