მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

სამოცდაათთაგანი მოციქულნი
#წმინდათა ცხოვრება

სამოცდაათთაგანი მოციქულნი: ერასტოსი, ოლიმპი, იროდიონი, სოსიპატრე, კუარტოსი და ტერტიოსი წმიდა პავლე მოციქულის მოწაფეები იყვნენ. მოციქული მათ ახსენებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში: „კითხვაა არქუთ... ულუმპას და მათ თანათა მათ ყოველთა წმიდათა“ (16,15); „გიკითხვენ თქუენ... იასონ და სოსიპატროს, ნათესავნი ჩემნი“(16,21); „გიკითხავენ თქუენ მე, ტერტიოს, რომელმან დავწერე წიგნი ესე უფლისა მიერ“(16,22); „გიკითხავს თქუენ ერასტოს, მნე ქალაქისაა, და კუარტოს ძმაი“(რომ. 16,23).

მოციქული სოსოპატრე აქაიიდან იყო. იგი იკონიის ეპისკოპოსი იყო და იქვე აღესრულა (მის შესახებ იხ. 28 აპრილის საკითხავებში). მოციქული ერასტოსი თავდაპირველად იერუსალიმის ეკლესიის დიაკონი და მნე იყო, შემდეგ კი-პანეადის ეპისკოპოსი. წმიდა კუარტოსმა მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანულ სარწმუნოებაზე, ბოლოს კი ქალაქ ბირითის ეპისკოპოსის ხარისხში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. წმიდა მოციქული ტერტიოსი, რომელმაც ჩაწერა პავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ, იკონიის მეორე ეპისკოპოსი იყო და იქვე მიიცვალა. წმ. მოციქულ იროდიონს (როდიონს) თავი მოჰკვეთეს 67 წელს (იხ. 8 აპრილის საკითხავი).