| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მოწამე თომაიდა
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოწამე თომაიდა მეგვიპტელი ცხოვრობდა ალექსანდრიაში, იგი ქრისტიანულ ოჯახში აღიზარდა და ბავშვობიდან ძალიან უყვარდა წმიდა წერილის კითხვა. 15 წლის თომაიდა ქრისტიან მეთევზეზე გაათხოვეს. ყოველგვარი სათნოებით შემკული ქალი ყველას ძალიან უყვარდა. ეშმაკის შთაგონებით წმიდა თომაიდას მამამთილი მისი სილამაზით მოიხიბლა და როდესაც შვილი სათევზაოდ იყო წასული, თავისი ბილწი განზრახვის განხორციელება მოინდომა. წმიდანი საშინელ სამსჯავროს და ცოდვილთა დასჯას მოაგონებდა ვნებისგან გონდაკარგულ მამამთილს, მაგრამ ვერაფერს გახდა. რძლის სიმტკიცით გამძვინვარებულმა, მახვილს დასტაცა ხელი და წმიდანს დაემუქრა. წმიდანმა უპასუხა: „ორადაც რომ გამაპო, ღვთის მცნებას არ დავარღვევ“. ვნებით დაბრმავებულმა მამამთილმა მახვილით განგმირა წმიდანი. წმიდა თომაიდა ღვთის მცნების დაცვისთვის მოწამეობრივად აღესრულა 476 წელს. მკვლელს საშინელი სასჯელი დაატყდა თავს - დაბრმავდა და კარებს ვერ მიაგნო. დილით, როდესაც ქმრის მეგობრები მოვიდნენ, სახლში იპოვეს მოწამის გაცივებული გვამი და გასისხლიანებული, დაბრმავებული მამამთილი. ამ ხანებში ალექსანდრიაში ჩავიდა უდაბნოდან ღირსი დანიელი. მან ოქტოდეკადის მონასტრის ბერებს მოუწოდა, წმიდა თომაიდას გვამი მონასტრის საძვალეში დაემარხათ. ზოგიერთი ბერი გაოცებული იყო და კითხულობდა, როგორ შეიძლებოდა ქალის დამარხვა ბერებთან. ღირსმა დანიელმა თქვა, რომ „თომაიდა სიწმიდისათვის დაღუპული დედაა“. წმიდანის დამარხვის შემდეგ დანიელი უდაბნოში დაბრუნდა. მალე მასთან მივიდა ერთი ახალგაზრდა ბერი და უთხრა, რომ ხორციელი ვნებები ტანჯავდა. ღირსმა დანიელმა მას ურჩია, წმიდა თომაიდას საფლავთან ელოცა. ბერმა მოძღვრის რჩევა აღასრულა. ლოცვისას უნებურად ჩაძინებულს გამოეცხადა წმიდა მოწამე, რომელმაც უთხრა: „მამაო მიიღე კურთხევა და წარვედ მშვიდობით“. გამოღვიძებულმა ბერმა სიმშვიდე და სიხარული იგრძნო. ამის შემდეგ ის ხორციელ ვნებებს არ შეუწუხებია. მოგვიანებით წმიდა მოწამის ნაწილები კონსტანტინოპოლში, ერთ-ერთ დედათა მონასტერში გადაასვენეს. |