მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამე არტემონი
#წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამე არტემონი დაიბადა სირიის ლაოდიკიაში, ქრისტიანულ ოჯახში და სიყრმიდან ეკლესიაში მსახურობდა. 16 წლის ყმაწვილი მედავითნედ აკურთხეს და 12 წლის მანძილზე მსახურობდა ამ სამსახურში. ღვთისმსახურებაში გამოჩენილი ერთგულებისა და გულმოდგინებისათვის ეპისკოპოსმა სისინმა მას დიაკვნად დაასხა ხელი. 28 წლის მსახურების შემდეგ კი მღვდლად აკურთხა. ამ ხარისხში წმიდა არტემონი 38 წლის მანძილზე ქადაგებდა ქრისტიანობას წარმართთა შორის. როცა იმპერატორმა დიოკლიტიანემ (284-305) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, წმიდა არტემონი უკვე მოხუცი იყო. იმპერატორმა გამოსცა ბრძანება, ყველა ქრისტიანს მსხვერპლი შეეწირა კერპებისათვის.

ეპისკოპოსმა სისინმა შეიტყო, რომ ლაოდიკიაში უნდა ჩამოსულიყო მხედართმთავარი პატრიკიოსი. ეპისკოპოსმა წმიდა არტემონთან ერთად არტემიდეს ტაძარში კერპები დაამსხვრია, შემდეგ ეკლესიაში შეკრიბა სამწყსო და დაარიგა, რომ განმტკიცებულიყვნენ და არ შეშინებოდათ წარმართთა რისხვის.

ლაოდიკიაში ჩასულმა პატრიკიოსმა ხუთდღიანი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად, შემდეგ კი არტიმედესთვის მსხვერპლის შეწირვაც მოუნდა. როცა მოახსენეს, რომ სამსხვერპლო დარბეული იყო, ეშმაკისგან გაბოროტებულმა ქრისტიანული ეკლესიის დარბევა გადაწყვიტა, მაგრამ ტაძარში მისვლამდე საშინელმა ციებ-ცხელებამ შეიპყრო და, სულთმობრძავი პირველსავე სახლში შეიყვანეს. „ქრისტიანებმა დამწყევლეს, მათი ღმერთი მსჯის“, - უთხრა მან მხლებლებს. კერპების მიმართ შეწირულმა ლოცვებმა ვერ უშველეს სარდალს. მაშინ მან მალემსრბოლელი გაგზავნა ეპისკოპოს სისინთან და დახმარება სთხოვა. სანაცვლოდ კი მისი ოქროს ქანდაკების ჩამოსხმას დაჰპირდა. ეპისკოპოსმა უპასუხა: „ოქრო შენი შენ თანა იყვეს! უკუეთუ გინებს განკურნება, იწამე ქრისტე, მაცხოვარი ჩვენი!“

პატრიკიოსს სიკვდილის შეეშინდა და განაცხადა, რომ სწამდა ქრისტე. სისინ ეპისკოპოსის ლიცვით იგი განიკურნა. მართალია, ამის შემდეგ სარდალს ეპისკოპოსისთვის ხელი არ უხლია, მომხდარმა სასწაულმა მისი სული მაინც ვერ შეცვალა. განკურნებულმა პატრიკიოსმა ქალაქ კესარიას მიაშურა. გზად მას შეხვდა მოხუცი, რომელსაც უკან წყვილ-წყვილად მოჰყვებოდა ექვსი გარეული ვირი და ორი ირემი. ეს იყო მღვდელი არტემონი. პატრიკიოსის კითხვაზე, თუ როგორ ახერხებდა ველური ცხოველების ასე დამორჩილებას, არტემონმა უპასუხა, რომ ყოველივე ამქვეყნად ქრისტეს სახელს ემორჩილება და ღვთისთვის არაფერია შეუძლებელი.

პატრიკიოსმა შეიტყო, რომ მოხუცი სწორედ ის არტემონი იყო, რომელმაც არტიმედეს ტაძარი დაარბია და მისი შეპყრობა ბრძანა. წმიდანი უშიშრად გაჰყვა ჯარისკაცებს, ცხოველებს კი უბრძანა, სისინთან წასულიყვნენ.

ერთმა ირემმა ღვთისგან მეტყველების უნარი მიიღო და ეპისკოპოსს აუწყა, თუ რა შეემთხვა წმიდა მოძღვარს. სისინმა დიაკვნის ხელით სეფისკვერი გაუგზავნა წმიდა არტემონს.

კესარიაში პატრიკიოსი აიძულებდა წმიდა არტემონს მსხვერპლი შეეწირა კერპებისათვის. სამსხვერპლოში უამრავი შხამიანი გველი ბუდობდა და ქურუმები მხოლოდ მსხვერპლშეწირვის დროს აღებდნენ კარებს. წმიდა არტემონმა ილოცა, უშიშრად შევიდა სამსხვერპლოში და გველები გამოდევნა იქიდან. ზარდაცემული წარმართები გაიქცნენ, მაგრამ წმიდანმა ისინი შეაჩერა და სულის შებერვით შემუსრა ქვეწარმავლები. ქურუმმა ვიტალიმ ქრისტე ირწმუნა და წმიდა არტემონს სთხოვა ნათლობა.

მხედართმთავარს შეეშინდა, რომ წმიდანის სასწაულები მრავალი ადამიანის ყურადღებას მიიქცევდა და მისი სიკვდილით დასჯა ბრძანა. უზარმაზარი ქვაბი ადუღებული ფისით აავსეს წმიდა არტემონის მოსაკვდინებლად, მაგრამ ორმა არწივისსახიანმა ანგელოზმა დასჯის ადგილს მოახლოებული, ამხედრებული პატრიკიოსი აიტაცა და ღირსი მამის სანაცვლოდ ის ჩააგდო ქვაბში.

სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი არტემონის ლოცვით  მიწიდან წყარომ ამოხეთქა, სადაც წმიდანმა ქურუმი ვიტალი და სხვა მრავალი წარმართი მონათლა.

კესარიის ეპისკოპოსმა წმიდა არტემონის სასწაულების ადგილი მოინახულა და შემდეგ იქ ტაძარი ააგო. ნათელღებულთაგან მრავალს დაასხეს ხელი დიაკვნად და მღვდლად, ვიტალი კი პალესტინის ეპისკოპოსად დაადგინეს.  თავად მღვდელმოწამე არტემონი ღვთის მოწოდებით აზიაში წავიდა საქადაგებლად. გზად უფლის ანგელოზმა აიტაცა და სოფელ ვულიში დასვა, სადაც მრავალი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. მალე წარმართებმა შეიპყრეს წმიდანი და თავი მოჰკვეთეს (303).