| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი ანთუსა
#წმინდათა ცხოვრება ღირსი ანთუსა ხატმბრძოლი იმპერატორის, კონსტანტინე კოპრონიმის (741-775) ასული იყო პირველი ქორწინებიდან. ის და მისი ძმა, მომავალი იმპერატორი ლეონ ხაზარი (775-780) ტყუპისცალები იყვნენ და დაიბადნენ 750 წლის 25 იანვარს. დედოფალს მძიმე მშობიარობა ჰქონდა. კონსტანტინე კოპრონიმმა გადასახლებიდან დააბრუნა ღირსი იღუმენია ანთუსა (ხს. 27 ივლისს) და სთხოვა, ელოცა. ღირსმა ანთუსამ იწინასწარმეტყველა ტყუპების შობა და მათი მომავალი. ქალიშვილს ღირსი დედის პატივსაცემად მისი სახელი უწოდეს. კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ მან მთელი სიმდიდრე ღარიბებს დაურიგა. ლეონ ხაზარის მეუღლე, კეთილმსახური დედოფალი ირინე (797-802) სიყვარულითა და პატივისცემით ეპყრობოდა წმიდა ანთუსას და თანამმართველადაც მოიწვია, მაგრამ წმიდა ანთუსას მიწიერი პატივი არ იზიდავდა, სასახლეში მდიდრული სამოსის ქვეშ ძაძებს ატარებდა. წმიდა ანთუსა მონაზვნად აღკვეცა წმიდა პატრიარქმა ტარასიმ (784-806). ღირსმა დედამ კონსტანტინოპოლში მკაცრი წესებით ცნობილი ომონიის მონასტერი დააარსა. იღუმენია თავად იყო მაგალითი სხვებისათვის - ასრულებდა ყველაზე მძიმე დავალებებს, ალაგებდა ეკლესიას, მოჰქონდა წყალი, ტრაპეზზე დებს ემსახურებოდა. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა იმას, რომ აუცილებლობის გარეშე არავინ გასულიყო მონასტრიდან. თავმდაბალმა და მორჩილმა მოღვაწემ 52 წელი იცხოვრა და მშვიდობით მიისვენა 801 ან 811 წელს. |