მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ისააკ ასური
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი ისააკ ასური VI საუკუნის შუა წლებში ცხოვრობდა. ის სირიიდან ჩავიდა იტალიის ქალაქ სპოლეტოში. ღირსმა მამამ მნათეებს სთხოვა, ნება მიეცათ ტაძარში დარჩენილიყო სალოცავად და ორი დღე-ნახევარი ლოცულობდა. ერთ-ერთმა მნათემ ისააკს პირმოთნე უწოდა და სილა გააწნა. ღვთის რისხვა მეყსეულად დაატყდა თავს ამპარტავან მნათეს - ბოროტმა სულმა დასცა და აყვირდა: „ისააკი განმდევნის“. როგორც კი წმიდა ისააკი დაიხარა იატაკზე დამხობილი შეპყრობილისაკენ, უწმიდურმა სულმა მყისვე დატოვა გვემული.

მომხდარი ამბავი მთელ ქალაქს მოედო. წმიდანთან ხალხი მიდიოდა, სთავაზობდა დახმარებას მონასტრის მოსაწყობად. თავმდაბალმა წმიდანმა ყველაფერზე უარი განაცხადა, ქალაქიდან გავიდა და განმარტოებულ ადგილას სენაკი აიშენა: მოღვაწის ირგვლივ მოწაფეები შეიკრიბნენ და მონასტერი დააარსეს. როცა მოწაფეები ეკითხებოდნენ, რატომ არ მიიღე შემოწირულობებიო, ღირსი ისააკი პასუხობდა: „მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა.“

ღირსი ისააკი წინასწარხედვის მადლით იყო დაჯილდოებული. ამის შესახებ წერს წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი (ხს. 12 მარტს) თხზულებაში „იტალიელ მამათა ცხოვრება და სასწაულნი“. ერთხელ, წმიდანმა ბერებს უთხრა, ბოსტანში დაეტოვებინათ ბარები, დილით კი საჭმელი მოემზადებინათ მუშებისათვის. აღმოჩნდა, რომ იმ საღამოს ქურდები აპირებდნენ მონასტრის გაძარცვას. ღვთის ნებით, მათ ბოროტი განზრახვა შეცვალეს, აიღეს ბარები და გულმოდგინედ დაიწყეს მუშაობა. დილით ბერები რომ მოვიდნენ, მთელი ბოსტანი დაბარული იყო. ღირსმა ისააკმა „მუშებს“ საუზმე შესთავაზა და ურჩია, ქურდობისათვის თავი დაენებებინათ.

მეორედ, ღირს მამასთან ძონძებში გახვეული მოგზაურები მივიდნენ და ტანსაცმელი სთხოვეს. წმიდა ისააკმა მათ სთხოვა დალოდებოდნენ, თვითონ კი ერთი ბერი გაგზავნა ტყეში, სადაც მოგზაურებს თავიანთი ძვირფასი ტანსაცმელი ჰქონდათ გადამალული. წმიდანმა მოწყალების მთხოვნელებს თავიანთივე ტანსაცმელი ჩააცვა. შერცხვენილმა გამომძალველებმა პატიება სთხოვეს ისააკს.

ერთხელ ერთმა კაცმა წმიდა ისააკს თავისი მოახლის ხელით ორი კალათა საჭმელი გაუგზავნა. მსახურმა ერთი კალათა გადამალა. წმიდანმა მოტანილი კალათა აიღო და მომტანს ჩუმად უთხრა: „საჩუქრისთვის მადლობელი ვარ, შენ კი გადამალულ კალათას ნუ გაეკარები, მასში გველი ჩაძვრა და თუ ხელს მოკიდებ, დაგგესლავს.“

წმიდა ისააკ ასური გარდაიცვალა 550 წელს.