მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მღვდელმოწამე ანტიპა პერგამელი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მღვდელმოწამე ანტიპა პერგამელი, წმიდა იოანე ღვთისმეტყველის (ხს. 26 სექტემბერს) მოწაფე, პერგამონის ეპისკოპოსი იყო იმპერატორ ნერონის (54-68) დროს. იმპერატორის ბრძანებით, ყველას, ვინც კერპებს მსხვერპლს არ შესწირავდა, სჯიდნენ ან ასახლებდნენ.

წმიდა ანტიპამ თავისი მაგალითით, მტკიცე სარწმუნოებითა და მოუღლელი ქადაგებით მიაღწია იმას, რომ პერგამონის მცხოვრებლებმა თავი დაანებეს კერპთმსახურებას. განრისხებულმა ქურუმებმა წმიდა მღვდელმოწამე ანტიპა მიიყვანეს არტემიდას ტაძარში და ჩააგდეს გახურებულ სპილენძის ხარში, სადაც მსხვერპლს სწირავდნენ ხოლმე. წმიდანი ხმამაღლა ლოცულობდა, უფალს ევედრებოდა, რომ მიეღო მისი სული და განემტკიცებინა ქრისტიანთა რწმენა. წმიდა ეპისკოპოსი მშვიდობით აღესრულა, თითქოს მიიძინაო.

ღამით მღვდელმოწამის ცეცხლისაგან უვნებელი ცხედარი ქრისტიანებმა აიღეს და პატივით დამარხეს პერგამონში. წმიდა ანტიპას აკლდამასთან მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა.