მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა ღირსმოწამე ვადიმ არქიმანდრიტი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა ღირსმოწამე ვადიმ არქიმანდრიტი სპარსეთის ქალაქ ბეთლაპატში დაიბადა IV საუკუნეში, იზრდებოდა მდიდარ და ცნობილ ოჯახში. იგი ახალგაზრდობაშივე გაეცნო ქრისტიანულ მოძღვრებას; ქონების ნაწილი დაარიგა, უდაბნოში წავიდა და დარჩენილი ფულით მონასტერი ააშენა. წმიდა ვადიმი ლოცვისათვის მთაზე ადიოდა ხოლმე, სადაც ერთხელ ღვთის დიდების ხილვის ღირსი შეიქმნა. ამ დროს სპარსეთის მეფემ, საპორმა, ქრისტიანთა დევნა დაიწყო. წმიდა ვადიმი 7 მოწაფესთან ერთად შეიპყრეს, უსჯულოები მათ სასტიკად გვემდნენ, აწამებდნენ და აიძულებდნენ თაყვანი ეცათ მზისათვის და ცეცხლისათვის, მაგრამ ღირსი აღმსარებლები მტკიცედ იცავდნენ ქრისტიანობას. საპყრობილეში ყოფნის მთელი 4 თვის განმავლობაში წმიდა ვადიმი იყო მოძღვარი და საყრდენი სპარსეთში მცხოვრები ქრისტიანებისათვის.

საპორის ერთმა ახლობელმა, ნირსანმა, ვერ გაუძლო განსაცდელს, უარყო ქრისტე და მეფეს აღითქვა, რომ ყველა მის ბრძანებას შეასრულებდა. საპორმა ნირსანს უბრძანა, თვითონ მოეკვეთა თავი წმიდა ვადიმისათვის. როდესაც ღირმოწამე მოიყვანეს, ნირსანმა მახვილი აიღო, მაგრამ სინდისის მიერ მხილებული გაქვავდა. წმიდა ვადიმმა მოღალატეს უთხრა: „ნუთუ შენი ბოროტება იქამდე მივიდა, რომ არა მარტო უარყავ ქრისტე, არამედ მის მონებსაც ჰკლავ? ვაი შენდა წყეულო! რასა იქმ მაშინ, როცა წარსდგები საშინელ სამსჯავროზე? მე სიხარულით აღვესრულები ქრისტესათვის, მაგრამ არ მინდა შენი ხელით მოვკვდე!“ მხილებით გამძვინვარებულმა ნირსანმა მახვილი ჩასცა წმიდანს, მაგრამ ისე კანკალებდა, რომ სასიკვდილო ჭრილობა ვერ მიაყენა. ცეცხლთაყვანისმცემლები აქეზებდნენ იუდას ცოდვით დამძიმებულ მოღალატეს. ღირსმოწამე ვადიმი უძრავად იდგა და უხმოდ ითმენდა საშინელ დარტყმებს. ბოლოს ჯალათმა თავი მოჰკვეთა წმიდანს (376 წელს).

შურისგებამაც არ დააყოვნა. სინდისის ქენჯნით შეწუხებულმა ნირსანმა მახვილი ჩაიცა გულში და თავი მოიკლა. წმიდა ვადიმის შვიდი მოწაფე საპორის გარდაცვალების შემდეგ ციხიდან გაათავისუფლეს.