| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა ევტიქი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა ევტიქი, კონსტანტინოპოლელი ეპისკოპოსი დაიბადა ფრიგიაში. მისი მამა, ალექსანდრე, მეომარი იყო, დედა კი, სინესია, ავგუსტოპოლისის ეკლესიის მღვდლის, ისიხიოსის ასული. ევტიქიმ დაწყებითი განათლება და ქრისტიანული აღზრდა ბაბუასთან მიიღო. ერთხელ, თამაშის დროს, პატარა ევტიქიმ საკუთარი სახელი დაწერა პატრიარქის ტიტულით და თითქოს იწინასწარმეტყველა თავისი მომავალი. 12 წლის ევტიქი კონსტანტინოპოლში გაგზავნეს სწავლის გასაგრძელებლად. ყმაწვილმა ბრწყინვალედ აითვისა სხვადასხვა მეცნიერება და მიხვდა, რომ ყოველგვარი ადამიანური სიბრძნე არარაობაა ღვთაებრივი გამოცხადების წინაშე. მან გადაწყვიტა ბერად აღკვეცილიყო. წმიდას ევტიქი ამასიის ერთ-ერთ მონასტერში წავიდა. ღვთივსათნო ცხოვრების გამო ის მალე მთელი ამასიის მონასტრის არქიმანდრიტად აირჩიეს. როცა კეთილმსახური იმპერატორის, იუსტინიანეს (527-565) დროს მე-5 მსოფლიო კრება მზადდებოდა, ამასიის მიტროპოლიტი დასნეულდა და თავის მაგივრად წმიდა ევტიქი გაგზავნა კონსტანტინოპოლში. აქ წმიდანი მოხუცმა პატრიარქმა, წმიდა მინამ (536-552, ხს. 29 აგვისტოს) ნახა და პატრიარქობა უწინასწარმეტყველა. წმიდა მინას გარდაცვალების შემდეგ იმპერატორ იუსტინიანეს პეტრე მოციქული გამოეცხადა და უფლის ნება აუწყა: დაქვრივებულ ტახტზე ევტიქი უნდა აღსაყდრებულიყო. წმიდა ევტიქის საპატრიარქო მოღვაწეობის დასაწყისში მოწვეულ იქნა მე-5 საეკლესიო კრება (553), რომელზეც მამებმა წარმოქმნილი ერესები განსაჯეს და ანათემას გადასცეს. რამდენიმე წლის შემდეგ ეკლესიაში გაჩნდა ახალი ერესი, რომელიც ასწავლიდა, რომ ქრისტეს არ განუცდია ვნებანი. წმიდა ევტიქიმ უშიშრად ამხილა ეს ერესი, რის გამოც ის განდევნეს. პატრიარქი მორჩილად იტანდა გადასახლებას, ლოცვასა და მარხვაში ატარებდა დღეებს და მრავალ სასწაულს და კურნებას აღასრულებდა: მისი ლოცვით, დედაკაცს, რომელიც მანამდე მკვდარ შვილებს შობდა, ორი ჯანმრთელი ვაჟკაცი ეყოლა, ორმა ყრუ-მუნჯმა ენა ამოიდგა, ზეთის ცხებით და ჯვრის გადასახვით მხატვარი განიკურნა, განიკურნა ორი მძიმედ სნეული ბავშვიც. წმიდა პატრიარქი კურნავდა არა მარტო ხორციელ, არამედ სულიერ სნეულებებსაც: ჩვილისაგან განდევნა ბოროტი სული, რომელიც წმიდა ზიარებაზე არ უშვებდა ბავშვს, ბოროტი სული განდევნა მონასტრიდან გაქცეული ყმაწვილისგანაც. კურნავდა კეთროვნებს, ლოთებს... როცა ამასიას სპარსელები შემოესივნენ და ქალაქში შიმშილობამ დაისადგურა, პატრიარქის მითითებით დაიწყეს მონასტრის საცავებიდან ხორბლის გატანა და მოსახლეობისათვის დარიგება, მაგრამ მონასტერში წმიდა ევტიქის ლოცვით ხორბალი არ ილეოდა. წმიდა ევტიქიმ ღვთისაგან წინასწარხედვის ნიჭი მიიღო. მან იწინასწარმეტყველა იუსტინიანეს ორი მემკვიდრის სახელი - იუსტიანე (565-578) და ტიბერიუსი (578-582). წმიდა პატრიარქის, იოანე სქოლასტიკოსის გარდაცვალების შემდეგ, წმიდა ევტიქი დაბრუნდა 12-წლიანი გადასახლებიდან და კვლავ ჩაიბარა სამწყსო. პატრიარქის ტახტზე დაბრუნებიდან 4.5 წლის შემდეგ, 582 წლის თომას კვირიაკეს დღეს წმიდა ევტიქიმ მრევლი შეკრიბა, აკურთხა, ყველას გამოემშვიდობა და მშვიდად ჩააბარა სული უფალს. |