| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი პლატონი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი პლატონი დაიბადა 735 წელს ღვთისმოსავ ქრისტიანთა, სერგისა და ეფემიას ოჯახში. ადრე დაობლებული ყმაწვილი ნათესავებმა აღზარდეს და კარგი განათლება მისცეს. სრულწლოვანებას მიღწეულმა პლატონმა დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო. მან თავიდან მემკვიდრეობით მიღებული მამულის მოვლას მიჰყო ხელი და თავისი შრომისმოყვარეობის წყალობით დიდძალი ქონება დააგროვა, შემდეგ კი ქრისტეს სიყვარულით ანთებულმა, მთელი ქონება ღარიბ-ღატაკებს დაურიგა, მონები გაათავისუფლა და მონასტერში განმარტოვდა. მან მთელი საძმოს სიყვარული დაიმსახურა. თავისუფალ დროს ღირსი პლატონი ადგენდა კრებულებს წმიდა მამათა თხზულებებიდან, იწერდა ღვთისმსახურებისათვის საჭირო წიგნებს. 770 წელს გარდაიცვალა მონასტრის წინამძღვარი თეოქტისტე. ძმებმა ახალ იღუმენად ღირსი პლატონი აირჩიეს, თუმცა ის მხოლოდ 35 წლისა იყო. იმპერატორ კონსტანტინე V კოპრონიმის (741-775) სიკვდილის შემდეგ წმიდანი კონსტანტინოპოლში ჩავიდა. მან უარი განაცხადა შემოთავაზებული ნიკომიდიის სამიტროპოლიტოს მართვაზე და ძმისშვილებთან, წმიდა თეოდორესთან (826, ხს. 11 ნოემბერს) და იოსებთან (830, ხს. 26 იანვარს) ერთად სოკუდონიის უდაბნოში განმარტოვდა. მათ მთაზე ააშენეს ეკლესია და დააარსეს მონასტერი, რომლის წინამძღვარიც ღირსი პლატონი გახდა. ღირსმა მამამ 787 წელს მონაწილეობა მიიღო მე-7 მსოფლიო კრების მუშაობაში, ამხილა ხატმბრძოლობის ერესი და დაიცვა წმიდა ხატთა თაყვანისცემის კანონი. ასაკში შესულმა პლატონმა მონასტრის წინამძღვრობა ღირს თეოდორეს გადასცა. 795 წელს იმპერატორმა კონსტანტინე VI (780-797) თავისი მეუღლე, მარიამი აიძულა მონაზვნად აღკვეცილიყო, თვითონ კი გადაწყვიტა, ჯვარი დაეწერა თავის ნათესავ თეოდოტიაზე. მიუხედავად იმისა, რომ წმიდა პატრიარქმა ტარასიმ დაგმო ეს ქორწინება, კონსტანტინოპოლის ერთ-ერთმა ცნობილმა მღვდელმა, იოსებმა დაარღვია ტარასის ბრძანება და ჯვარი დასწერა იმპერატორს. ეს რომ ღირსმა პლატონმა და თეოდორემ გაიგეს, ეკლესიიდან განკვეთილად გამოაცხადეს იმპერატორი და ამის შესახებ ეპისტოლეები დაუგზავნეს ყველა მონასტერს. გამძვინვარებულმა იმპერატორმა ბრძანა, წმიდა პლატონი საპყრობილეში ჩაეგდოთ, ღირსი თეოდორე კი თესალონიკში გადაესახლებინათ. ნეტარი მამები მხოლოდ იმპერატორის სიკვდილის შემდეგ, 797 წელს გაათავისუფლეს. ღირსი თეოდორე კონსტანტინეპოლში გადავიდა და სტუდიონის მონასტრის იღუმენი გახდა, ღირსი პლატონი კი იმავე მონასტერში ცხოვრობდა უბრალო ბერად, თავის ძმისწულის მორჩილებაში. როდესაც ახალმა იმპერატორმა ნიკიფორემ (802-811) ეკლესიაში თვითნებურად დააბრუნა განკვეთილი ღვთისმსახური იოსები, ღირსმა პლატონმა და თეოდორემ კვლავ გაბედულად ამხილეს მისი უკანონო ქმედება. ამისთვის ისინი ისევ დასაჯეს და მხოლოდ იმპერატორის გარდაცვალების შემდეგ, 811 წელს, გაათავისუფლეს საპყრობილედან. ღირსი პლატონი სტუდიონის მონასტერში დაბრუნდა. მან კიდევ სამი წელი გაატარა მონასტერში და მიიცვალა შობიდან 79 წელს, 814 წლის 8 აპრილს, ლაზარეს შაბათს. |