| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მოწამენი აღათოპოდოს დიაკონი და თეოდულუ წიგნისმკითხველი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოწამენი აღათოპოდოს დიაკონი და თეოდულუ წიგნისმკითხველი თესალონიკში ცხოვრობდნენ იმპერატორების დიოკლიტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) დროს. წმიდა დიაკონი აღათოპოდოსი ღრმად მოხუცი იყო, თეოდულუ წიგნისმკითხველი კი - ახალგაზრდა. ერთხელ, წმიდა თეოდულუმ ძილში იხილა, რომ სპეტაკი სამოსლით შემოსილმა უცნობმა რაღაც ნივთი გადასცა. როცა გამოიღვიძა, ხელში ჯვრის გამოსახულებიანი ბეჭედი ეჭირა. თეოდულუ მიხვდა, რომ ეს იყო ნიშანი მომავალი წამებისა. ბეჭედზე გამოსახული ჯვრის ძალით მან მრავალი ავადმყოფი განკურნა და წარმართებიც მოაქცია. როცა იმპერატორმა დიოკლიტიანემ გამოსცა ბრძანება ქრისტიანთა დევნის შესახებ (303), ბევრი მორწმუნე დაიმალა, მაგრამ წმიდა აღათოპოდოსი და თეოდულე უშიშრად აგრძელებდნენ ქადაგებას. თესალონიკის მმართველმა, ფაუსტინემ თეოდულეს არჩევანი შესთავაზა: მშვიდი სიცოცხლე ან სიკვდილი. წმიდანმა უპასუხა, რომ ირჩევდა მარადიულ სიცოცხლეს და სიკვდილის არ ეშინოდა. მმართველმა მოწამეთა საპყრობილეში ჩაყრა ბრძანა. ციხეში მოწამეთა ქადაგებით მრავალი პატიმარი მოექცა ქრისტეს სჯულზე. ციხის უფროსმა ქრისტიანები მმართველთან დაასმინა. ფაუსტინემ კვლავ უხმო სამსჯავროზე წმიდა მოწამეებს. თეოდულეს თვალწინ ყოფილი ქრისტიანები აიძულეს მსხვერპლი შეეწირათ კერპებისათვის. „უძლურებზე გაიმარჯვეთ, ქრისტეს ერთგულ მხედრებს კი ვერაფერს დააკლებთ!“ - უთხრა წმინდანმა მმართველს. მმართველის ბრძანებით ქრისტეს მხნე აღმსარებელი დასასჯელად გაიყვანეს. ჯალათმა მახვილი იშიშვლა. მოწამემ სიხარულით შეჰღაღადა უფალს: „დიდება შენდა უფალო, მამაო ღვთისა ჩემისა იესო ქრისტესო. გმადლობ შენ, რამეთუ ღირს მყავ აღვესრულო სახელისა შენისათვის“, მაგრამ ფაუსტინემ ბრძანა, პატიმრები კვლავ ციხეში დაებრუნებინათ. საპყრობილეში წმიდანებმა ერთნაირი სიზმარი ნახეს: ხომალდი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ჩაიძირა, თვითონ კი სპეტაკი სამოსელით გავიდნენ ნაპირზე. დილით ფაუსტინემ უკანასკნელად შესთავაზა მოწამეებს ქრისტეს უარყოფა, მაგრამ პასუხად კვლავ უარი მიიღო. მაშინ მმართველის ბრძანებით წმიდანებს ქვები გამოაბეს ყელზე და ზღვაში ჩაყარეს (303). ზღვამ ნაპირზე გამორიყა წმიდათა სხეულები სპეტაკი სამოსლებით, ქვებისა და თოკების გარეშე. ქრისტიანებმა წმიდა ნაწილები პატივით დაფლეს. |