მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ქალწულმოწამისა ფერბუთა სპარსისა და დისა მისისა და მხევლისა მისისა
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე ფერბუთა დასთან და მხევალთან ერთად მოწამეობრივად აღესრულა 341-343 წლებს შორის. ფერბუთა და მისი და, რომლის სახელიც უცნობია, იყვნენ ქრისტესთვის აღსრულებული სელევკიის ეპისკოპოსის, სვიმეონის ღვიძლი დები. ისინი მოსამსახურესთან ერთად წაიყვანეს სპარსეთის მეფის, საპორის კარზე. წმიდა ფერბუთა საარაკო სილამაზით გამოირჩეოდა. დედოფალმა მას ურჩია გათხოვილიყო, მაგრამ წმიდანმა უარი განაცხადა, რადგან ქალწულობის აღთქმა ჰქონდა დადებული. მალე დედოფალი დასნეულდა. მის სამკურნალოდ მოწვეული მოგვი დაატყვევა ქალწულის სილამაზემ და ცოლობა სთხოვა. უარით გაბოროტებულმა მოგვმა მეფეს მოახსენა, დედოფალი მოახლეების მიერ არის მოწამლულიო, რის შემდეგაც, საპორის ბრძანებით, წმიდა ფერბუთა დასთან და მოახლებთან ერთად საპყრობილეში ჩასვეს.

სასამართლოზე წმიდა მოწამეებმა უშიშრად აღიარეს ქრისტიანობა, განაცხადეს, რომ არ ჩაუდენიათ ბოროტება, მაგრამ ქრისტესათვის სიკვდილის დასათმენად მზად არიან.

მთავარი მოსამართლე, მოგვი მავპტისიც დააბრმავა ქალწულის სილამაზემ და საიდუმლოდ შესთავაზა საპყრობილედან განთავისუფლება, თუ ის ცოლობაზე დათანხმდებოდა. იმავე წინადადებით მიმართა ფერბუთას ორმა სხვა მსაჯულმაც. წმიდა ქალწულმა ყველა წინადადება უარყო და განაცხადა, რომ ქრისტეს  სასძლოა და მიწიერ ქორწინებაზე არასდროს დათანხმდება.

ამის შემდეგ მოწამეებს ჯადოქრობაში და დედოფლის მოწამვლაში დასდეს ბრალი და სიკვდილი მიუსაჯეს. ქრისტიანებმა წმიდა მოწამეთა ნეშტი პატივით დაასაფლავეს.