მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე თეოდოსია ქალწული
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე თეოდოსია ქალწული წარმოშობით ტვირიდან იყო. იგი მოწამეობრივად აღესრულა 307 ან 308 წელს. 29 მაისს ზეიმობენ მისი წმიდა ნაწილების გადასვენებას კონსტანტინოპოლში, შემდეგ კი - ვენეციაში.

ერთხელ, ქრისტიანთა დევნის დროს, 17 წლის თეოდოსია სიკვდილმისჯილ ქრისტიანებთან მივიდა და სთხოვა ელოცათ მისთვის. დარაჯებმა შეიპყრეს გოგონა და მმართველ ურბანოსს მიჰგვარეს. ურბანოსმა თეოდოსიას უბრძანა, კერპებისათვის მსხვერპლი შეეწირა, რაზეც მან მტკიცე უარი განაცხადა. მაშინ ჯალათებმა სასტიკად აწამეს ნეტარი ქალწული. მოწამე დუმილით და გაცისკროვნებული სახით ითმენდა ტკივილებს. შემდეგ მას ლოდი შეაბეს ყელზე და ზღვაში გადააგდეს, ანგელოზებმა ქრისტეს სასძლო ნაპირზე გამოიყვანეს უვნებლად. გაცოფებულმა ჯალათებმა თეოდოსია მხეცებს მიუგდეს, მაგრამ მხეცებმა მხოლოდ წყლულები აულოკეს წმიდანს. ბოლოს ქრისტეს მოწამეს თავი მოჰკვეთეს.

მშობლებს ღამით თეოდოსია გამოეცხადა ნათელ სამოსელში, გვირგვინით შემკული, ჯვრით ხელში და უთხრა: „აი, როგორი დიდება გინდოდათ წაგერთვათ ჩემთვის“.