მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა გიორგი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა გიორგი აწყურის ეპისკოპოსი იყო. ცნობილ მწერალსა და საეკლესიო მოღვაწეს კარგად იცნობდა თანამედროვე საქართველო, თუმცა მის ლიტერატურულ მემკვიდრეობას ჩვენამდე არ მოუღწევია.

ცნობები გიორგი მაწყვერელის შესახებ შემოგვინახა გიორგი მერჩულისა და ბასილი ზარზმელის ნაწარმოებებმა.

გიორგი მერჩულე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ წერს: „ვჰგონებ ცხოვრებისა ამის დაწერად ბრძენთაგან და სრულთა მამათა, რომელნიცა იყვნეს ჟამთა ჩუენთა“, შემდეგ ჩამოთვლის ცნობილ მწერალთა სახელებს, რომელთაგანაც თანამედროვენი მოელოდნენ ღირსი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების აღწერას, და მათ შორის ასახელებს ღირს გიორგი მაწყვერელს.

ბასილი ზარზმელის თქმით, გიორგი მაწყვერელი, სამცხის საეკლესიო ცხოვრების მეთაური, „აღმოცენდა კევისაგან შუარტყლისა, მშობელთაგან წარჩინებულთა და ღვთისმოშიშთა; ხოლო აღიზარდა იგი განთქმულსა მას უდაბნოსა ოპიზას“.

უმთავრესი ცნობები ღირსი სერაპიონ ზარზმელის (ხს. 29 ოქტომბერს) შესახებ ბასილისთვის მიუწოდებია გიორგი მაწყვერელის - „ყოველნი ესე სასწაულნი და საქმენი რომელნი იგი პირველ ეპისკოპოსობისა და უკანასკნელ ეხილვნეს, მომითხრნეს პირმან მან უტყუელმან, გიორგის ვიტყვ მაწყურელის“.

გიორგი მაწყვერელი მეტად დაახლოებული ყოფილა სერაპიონ ზარზმელთან, დასწრებია მის დასაფლავებას და მეტად ხელი შეუწყვია მისი ცხოვრების დაწერისათვისაც.

ღირსმა გიორგიმ აწყურის კათედრა დაიკავა სამცხის დიდი ფეოდალის, გიორგი ჩორჩანელის გარდაცვალების მეოთხე წელს, როდესაც ჩორჩანელთა გვარსა და სახლეულობაში, და საერთოდ მთელ სამცხეში დიდი მღელვარება, მტრობა და ძმათაკვლა იყო გაჩაღებული მისი მემკვიდრეობის გამო. ამ განუკითხაობის ჟამს ღირსმა გიორგი მაწყვერელმა „ხელთიდვა განგებაი სამცხისაი“ და „დააწყნარა ყოველი საბრძანებელი თვისი, ვითარცა წეს იყო და დაიპყრო ყოველი მამული და ეკლესიანნი პირველთა მათ შეშფოთეთანი“.

ღირსი გიორგი მაწყვერელი გარდაიცვალა X საუკუნის პირველ მეოთხედში.