მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი იოანე შავთელი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი იოანე შავთელი XVII-XVIII საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი გამოჩენილი პოეტი, ფილოსოფოსი და რიტორი იყო. „ქართლის ცხოვრება“ მას მოიხსენიებს, როგორც „ლექსთა გამომთქმელსა და მოღუაწეთა შიგა განთქმულს“.

ღირსმა იოანემ ახალგაზრდობაში მიიღო უმაღლესი განათლება გელათის მონასტერთან არსებულ აკადემიაში, სადაც შეისწავლა წმიდა მამათა თხზულებები, ანტიკური და არაბული ისტორია, ფილოსოფია, ლიტერატურა, შემდეგ ბერად აღიკვეცა და დიდხანს მოღვაწეობდა ვარძიის მონასტერში.

ღირსმა იოანემ სულიერი მოღვაწეობით, გამუდმებული ლოცვითა და ღვთივსათნო ცხოვრებით უფლისგან ბრძნადმეტყველების მადლი მიიღო.

როდესაც ქართველთა სპა, დავით სოსლანის ხელმძღვანელობით ბასიანისკენ გაეშურა იკონიის სულთნის, რუქნ ად-დინის წინააღმდეგ საბრძოლველად, წმიდა კეთილმსახური მეფე თამარი ოძრხეში წავიდა სალოცველად. მას თან ახლდა ქართლის კათოლიკოსი თევდორე, კაცი წმიდა და სახიერი, მრავალ ეპისკოპოსთან და მონაზონთან ერთად, რომელთა შორის ბრწყინავდა იოანე შავთელი, „კაცი ყოვლად განთქმული და საკვირველი მოღუაწეობითა შინა და ლექსთა გამომთქმელი“.

აქ ერთი სასწაული აღსრულდა: ღვთისაგან წინასწარმეტყველებით დაჯილდოებული ევლოგი სალოსი წირვის დროს სამგზის დაეცა მიწაზე, შემდეგ ხელები აღაპყრო და დაიძახა: „აჰა დიდება ღმერთსა! ქრისტე ძლიერ არს. ხელნო ევლოგისნო, სპარსთაგან არა ეშინით, განუტევეთ, რათა ვიდოდის მშვიდობით. წყალობა ღვთისა სახლსა ზედა თამარისსა მოიწია!“ ყველა მიხვდა, რომ ევლოგიმ საღვთო გამოცხადება მიიღო. ღირსმა იოანე შავთელმა მეფეს უთხრა: „უწყოდე მეფეო, რომელ ჩვენება იხილა სულელსაგონებელმან, გარნა ჩვენებასა კეთილსა ვჰგონებ!“

ევლოგი სალოსმა იოანე შავთელს განუცხადა საიდუმლო - ღვთის შეწევნით ქართველებმა ბასიანში დაამარცხეს მტერი და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს.

წმიდა ევლოგი, რომელიც ქრისტესთვის მოგონილ თავის სისულელეში მალავდა თავის სულიერ ღვაწლს, ამჯერად გაექცა კაცთაგან განდიდებას - „მყის წავიდა პირისაგან მათსაგან და დაიმალა“.

წმიდა იოანე შავთელმა ბასიანის ბრძოლაში გამარჯვების სამადლობლად დაწერა „გალობანი ვარძიის ღვთისმშობლისანი“. მასვე ეკუთვნის ცნობილი ოდაქ „აბდულ-მესიანი“ (ქრისტეს მესიის მონა).

ღირსი იოანე შავთელი ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა და გარდაცვალებისთანავე შერაცხილ იქნა წმიდანთა დასში.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირს იოანე შავთელს იხსენიებს ორჯერ: 1 აპრილს, ევლოგი სალოსთან ერთად და 9 ივნისს.