მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი, ტროფიმე და ევკარპიოსი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი, ტროფიმე და ევკარპიოსი ნიკომიდიაში მსახურობდნენ იმპერატორ დიოკლიტიანეს (284-305) დროს და აღასრულებდნენ იმპერატორის განკარგულებებს. ერთხელ, როცა ისინი ქრისტიანებს ეძებდნენ, იხილეს ზეცით გარდმოსული ცეცხლოვანი ღრუბელი, საიდანაც გაისმა ხმა: „რაისთვის დევნით ჩემთა მონათა? ნუ იყოფინ! უმჯობეს არს თქვენდა, თანამზრახველ ექმნათ მათ, რათა მოიპოვოთ სასუფეველი ცათა“. მეომრები ძრწოლით დაეცნენ და წამოიძახეს: „ჭეშმარიტად დიდ არს უფალი, რომელი გამოგვიჩნდა ჩვენ, ნეტარ ვიქმნეთ, უკეთუ შევუდგეთ მას“. ზეციდან კვლავ გაისმა ხმა: „აღდეგინ, შეინანეთ და მოგეტევოთ ცოდვანი თქვენი!“ მეომრებმა თავი ასწიეს და ცეცხლოვან ღრუბელში ბრწყინვალე არსება იხილეს. ზარდაცემულებმა კვლავ შეჰღაღადეს უფალს: „მიიღე სულნი ჩვენნი, რამეთუ ბოროტ და გამოუთქმელ არიან ცოდვანი ჩვენნი. არა არს სხვა ღმერთი, თვინიერ შენსა, ჭეშმარიტისა და ერთადერთისა ღმრთისა“. როგორც კი ეს წარმოთქვეს, ღრუბელი ზეცად ამაღლდა. ამ სასწაულის შემდეგ სულიერად გარდაქმნილმა ტროფიმემ და ევკარჰიოსმა საპყრობილედან გაათავისუფლეს ყველა ქრისტიანი. მეომრები შეიპყრეს და სასტიკად აწამეს. მოწამენი ადიდებდნენ უფალს და ევედრებოდნენ, მიეტევებინა მათთვის მათი საშინელი ცოდვები. წამების შემდეგ წმიდანები მშვიდად ავიდნენ კოცონზე და უფალს მიაბარეს სული.