| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა კირილე იერუსალიმელი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა კირილე იერუსალიმელი დაიბადა იერუსალიმში 315 წელს. მკაცრი ღვთისმოსაობით აღზრდილი კირილე ბერად აღიკვეცა, ხოლო 346 წელს მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს. 350 წელს გარდაიცვალა მთავარეპისკოპოსი მაქსიმე. იერუსალიმის მთავარეპისკოპოსის ხარისხში მყოფი კირილე მხნედ იბრძოდა არიოზისა და მაკედონიუსის წინააღმდეგ. ამით არიოზის მიმდევარი ეპისკოპოსების რისხვა დაიმსახურა. არიანელებმა მოახერხეს კირილეს ტახტიდან ჩამოგდება და იერუსალიმიდან გაძევება. 351 წელს, სულთმოფენობის დღეს, იერუსალიმში ღვთიური გამოცხადება მოხდა: ცაზე გამოჩნდა ბრწყინვალე ჯვარი, რომელიც გოლგოთიდან ელეონის მთამდე იყო გადაჭიმული. კირილემ ამ გამოცხადების შესახებ შეატყობინა არიანელ იმპერატორ - კონსტანციუსს (337-361) და ეცადა მის მოქცევას მართლმადიდებლობაზე. სარდეს კრების მიერ გადაყენებულმა ერეტიკოსმა, კესარიის ყოფილმა მიტროპოლიტმა აკაკიმ გადაწყვიტა იმპერატორის შემწეობით განედევნა წმიდა კირილე. როცა იერუსალიმში შიმშილობა დაიწყო, კირილემ მთელი თავისი ქონება გაჭირვებულებს დაურიგა, შემდეგ კი საეკლესიო ნივთების გაყიდვა დაიწყო მოშიმშილეთა დასახმარებლად. წმიდა კირილეს მტრებმა ხმა გაავრცელეს, თითქოს ქალაქში ნახეს მღვდელმთავრის შესამოსელში გახვეული მოცეკვავე ქალი. ამ ცილისწამების გამო ერეტიკოსებმა წმიდა კირილე იერუსალიმიდან განდევნეს. მღვდელმთავარმა ტარსოსში ეპისკოპოს სილუანეს შეაფარა თავი. ამის შემდეგ სელევკიაში შეიკრიბა ადგილობრივი კრება, რომელსაც 150 ეპისკოპოსი ესწრებოდა. მათ შორის იყო წმიდა კირილეც. მართალია მიტროპოლიტ აკაკის არ უნდოდა მისი დაშვება, მაგრამ კრება არ დაეთანხმა. მაშინ აკაკიმ თვითონ დატოვა კრება და კირილე იმპერატორისა და არიანელ პატრიარქ ევდოქსის წინაშე დააბეზღა. იმპერატორმა წმიდა მღვდელმთავარი გადაასახლა. იმპერატორმა იულიანე განდგომილმა (361-363), ვითომ ღვთისმოსაობის გამო, შეცვალა კონსტანციუსის ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მართლმადიდებელთა წინააღმდეგ იყო მიმართული. წმიდა კირილე თავის სამწყსოს დაუბრუნდა. ცოტა ხნის შემდეგ, როცა იულიანე ტახტზე განმტკიცდა, აშკარად უარყო ქრისტე. მან ებრაელებს ნება დართო აღედგინათ რომაელთაგან დარბეული იერუსალიმის ტაძარი და ამისთვის სახელმწიფო ხაზინიდან თანხაც გაიღო. წმიდა კირილე ქადაგებდა, რომ მაცხოვრის სიტყვა ტაძრის დარღვევის შესახებ (ლკ. 21,6) ახდება და იულიანეს მკრეხელური ჩანაფიქრი არ განხორციელდება. მართლაც, ერთხელ ღამით ისეთი მიწისძვრა მოხდა, რომ სოლომონის ტაძრის დარჩენილი ნაშთები დაინგრა და ახლად აგებულიც მტვრად და ნაცრად იქცა. როცა იუდეველებმა ისევ გააგრძელეს ტაძრის მშენებლობა, ციდან ცეცხლი გარდმოხდა და სამუშაო იარაღები შემუსრა. საზარელმა შიშმა მოიცვა ყველა. მეორე ღამეს იუდეველთა ტანსაცმელზე გამოისახა ჯვრები, რომლებიც ვერაფრით მოაშორეს. ამ ღვთიური გამოცხადების შემდეგ კირილე კვლავ განდევნეს. იერუსალიმის კათედრა დაიკავა წმიდა კვირიაკემ, რომელიც მალე მოწამეობრივად აღესრულა (363, ხს. 28 ოქტომბერს). იმპერატორ იულიანეს დაღუპვის შემდეგ წმიდა კირილე კვლავ დაუბრუნდა კათედრას, მაგრამ იმპერატორ ვალენტის (364-378) მეფობის დროს მესამედ იქნა გადასახლებული. მხოლოდ კეთილმსახური მეფის, თეოდოსი დიდის (379-395) დროს დაუბრუნდა წმიდა კირილე სამღვდელმთავრო მოღვაწეობას. 381 წელს წმიდა კირილემ მონაწილეობა მიიღო II მსოფლიო საეკლესიო კრების მუშაობაში, რომელმაც დაგმო მაკედონიუსის ერესი და ნიკეა-კონსტანტინოპოლის სარწმუნოების სიმბოლო დაამტკიცა. წმიდა კირილე გარდაიცვალა 386 წელს. |