მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ალექსანდრე ღვთისკაცი (411)
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი ალექსანდრე ღვთისკაცი (411) დაიბადა რომში, ღვთისმოშიში და გლახაკთმოყვარე ევფიმიანესა და აგლაიდას ოჯახში. ალექსის მშობლებს დიდხანს არ ჰყავდათ შვილები, ბოლოს უფალმა შეისმინა ქრისტეს ერთგული ცოლ-ქმრის ვედრება და წყალობის თვალით გადმოხედა მათ. კეთილმორწმუნე ოჯახს ვაჟი შეეძინა. 6 წლის იყო ალექსანდრე, როცა სწავლა-განათლება დააწყებინეს. ყრმას განსაკუთრებით საღვთო წერილი იზიდავდა.

როცა წამოიზარდა, მშობლების მსგავსად, მკაცრად მარხულობდა, გლახაკებს ეხმარებოდა და მდიდრული სამოსის ქვეშ ძაძებს ატარებდა. მასში ადრე გაიღვიძა სოფლის დატოვების და ღვთისმსახურებისათვის თავის შეწირვის სურვილმა. მშობლებს უნდოდათ ალექსი დაექორწინებინათ და როცა სრულწლოვანებას მიაღწია, საცოლეც მოუძებნეს.

ნიშნობის შემდეგ საცოლესთან მარტოდ დარჩენილმა ალექსიმ თითიდან ნიშნობის ბეჭედი მოიხსნა, საცოლეს მისცა და უთხრა: „შეინახე, უფალი იყოს ჩვენთან და დაიფაროს ჩვენი ახალი ცხოვრება“, თვითონ კი საიდუმლოდ გავიდა სახლიდან და მესოპოტამიაში მიმავალ ხომალდზე ავიდა.

ალექსი ჩავიდა ქალაქ ედესაში, სადაც მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ინახებოდა, გაყიდა ყველაფერი რაც გააჩნდა, მთელი ქონება ღარიბებს დაურიგა, თვითონ კი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესიასთან დასახლდა და მათხოვრობა დაიწყო. ღირსი ალექსი მხოლოდ წყლითა და პურით იკვებებოდა, მიღებულ მოწყალებას კი ღარიბებსა და უძლურებს ურიგებდა, ყოველ კვირას ეზიარებოდა ქრისტეს სისხლსა და ხორცს.

ნათესავები უშედეგოდ ეძებდნენ ალექსის. ევფიმიანეს გაგზავნილი მსახურები ჩავიდნენ ედესაში, მაგრამ ტაძრის კარიბჭესთან მჯდარ გლახაკში თავიანთი ბატონი ვერ შეიცნეს: ალექსი მკაცრი მარხვისგან გამხდარიყო, სილამაზე გაქრობოდა, მხედველობა დასუსტებოდა. ნეტარმა მამამ იცნო ისინი და უფალს მადლობა შესწირა, რადგან თავისი მსახურებისგან მიიღო მოწყალება.

წმიდა ალექსის დედა განმარტოვდა და მხურვალედ ლოცულობდა შვილისათვის. საცოლეც დედამთილთან ერთად გლოვობდა.

ღირსი ალექსი ედესაში 17 წელი ცხოვრობდა. ერთხელ ეკლესიის მნათეს ღვთისმშობელი გამოეცხადა და აუწყა: „შეიყვანე ჩემს ტაძარში ღვთისკაცი, ღირსი ცათა სასუფეველისა; ლოცვა მისი ღმერთამდე ადის და სულიწმიდა არის მის თანა“. მნათემ დაიწყო მისი ძებნა, მაგრამ ვერ იპოვა. შეწუხებულმა ღვთისმსახურმა ლოცვა აღავლინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიმართ და სთხოვა, ეჩვენებინა მისთვის ღვთისკაცი. ხატიდან გაისმა ყოვლადწმიდა ქალწულის ხმა: „ღვთის რჩეული ის მათხოვარია, ეკლესიის კარიბჭესთან რომ ზის“. მნათემ მოძებნა წმიდა ალექსი და ტაძარში შეიყვანა. მორწმუნეებმა, რომლებმაც შეიტყვეს ამ სასწაულის შესახებ, განადიდებდნენ ღმერთს. მიწიერი დიდების ხიბლით შეშინებული წმიდანი ავიდა ხომალდზე და კილიკიას გაემგზავრა, მაგრამ ღვთის განგებით ქარიშხალმა გემი შორეული იტალიის ნაპირზე გარიყა. ნეტარი მამა რომში წავიდა, მამის სახლში მივიდა და თავშესაფარი ითხოვა. ევფიმიანემ შვილი ვერ იცნო, ბრძანა შესასვლელთან მოეწყოთ ალექსისათვის საცხოვრებელი და მისი ტრაპეზიდან ეკვებათ.

მშობლების სახლში ალექსი განაგრძობდა ლოცვასა და მარხვას, მორჩილებით იტანდა წყენასა და დაცინვას მამის მსახურებისაგან. მისი ოთახი საცოლის ფანჯრების პირდაპირ იყო და ნეტარი მამა იტანჯებოდა მოთქმა-ვაების სმენით. მხოლოდ ღვთისადმი უსაზღვრო სიყვარული ეხმარებოდა ნეტარს ამ ტკივილების გადატანაში. წმიდა ალექსი მშობლიურ სახლში 17 წელი ცხოვრობდა. უფალმა მას წინასწარ გამოუცხადა გარდაცვალების დღე, წმიდანმა აღწერა თავისი ცხოვრება და ეპისტოლეში შენდობა სთხოვა მშობლებსა და საცოლეს.

წმიდა ალექსის გარდაცვალების დღეს საკათედრო ტაძარში წირავდა რომის პაპი ინოკენტი(402-417). წირვას იმპერატორი ჰონორეუსიც (395-423) ესწრებოდა.  წირვის დროს საკურთხეველთან გაისმა ხმა: „მოვედით ჩემდა ყოველნი მოშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განვისუენო თქუენ (მთ. 11,28), მოძებნეთ ღვთის კაცი, მიმავალი მარადიულ სიცოცხლეში, დაე მან ილოცოს ქალაქისათვის“. შეშინებული და გაოგნებული რომაელები მთელ ქალაქში ეძებდნენ ღვთისთვის სათნოყოფილს, მაგრამ ვერ იპოვეს. ღამისთევის ლოცვისას პაპი შეევედრა უფალს დახმარებოდა ნეტარის პოვნაში. ლიტურგიის დამთავრებისთანავე კვლავ გაისმა ხმა: ღვთისკაცი ევფიმიანეს სახლში ეძიეთ“. როცა ეფიმიანესთან მივიდნენ, წმიდა ალექსი უკვე გარდაცვლილი იყო, მისი სახე ანგელოზებრივ ბრწყინავდა, ხელში კი ეჭირა ქარტა, რომელიც ვერაფრით გამოართვეს. წმიდანის ცხედარი ძვირფას სახვევებში შეგრაგნეს. პაპმა და იმპერატორმა მუხლი მოიდრიკეს წმიდანის  ნეშტის წინაშე და შეევედრნენ ხელი გაეშალა. წმიდანმა ხელი გაშალა. როდესაც ეპისტოლე წაიკითხეს, მშობლებმა და საცოლემ ტირილით თაყვანი სცეს წმიდა ნეშტს.

წმიდანის ცხედარი ქალაქის მოედანზე დაასვენეს. მის ირგვლივ მთელმა რომმა მოიყარა თავი. პაპმა და იმპერატორმა თავიანთი მხრებით შეასვენეს წმიდანი ტაძარში. ერთი კვირის შემდეგ კი მარმარილოს აკლდამაში ჩაასვენეს. წმიდანის ნაწილებიდან მაკურნებელმა კეთილსურნელოვანმა მირონმა დაიწყო დენა.