მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი გაბრიელ მცირე
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი გაბრიელ მცირე თბილისში ცხოვრობდა, მას ქალაქში სახელოსნო ჰქონდა გახსნილი და თავს კერვით ირჩენდა. მაღალი სულერებითა და პატიოსნებით გამორჩეული კაცისთვის ძნელი იყო ქალაქის მშფოთვარე ცხოვრება. ერთ დღეს მან ყველაფერი დატოვა და წავიდა დავით-გარეჯში, ნათლისმცემლის უდაბნოში და ბერად აღიკვეცა.

მონასტერში ღირსმა მამამ მწიგნობრულ საქმიანობას მიჰყო ხელი. მისმა სამწერლო მოღვაწეობამ სათანადო კვალი დააჩნია ქართულ სასულიერო მწერლობას. მან შეადგინა რამდენიმე ლიტურგიკულ-ზნეობრივი ხასიათის კრებული, გადმოკეთებული ცნობილ თეოლოგთა თხზულებებიდან, შექმნა ორიგინალური სასულიერო თხზულებებიც, მათ შორის:

1. მღვდელმთავრისა და ლიტურგიისა განმარტებაი სახისმეტყუელებითი, ვითარმედ ყოველთავე მღვდელმთავრებასა მისსა საიდუმლოებით ძალი უპყრიეს;

2. მეექვსე მსოფლიო კრების სჯულის კანონისათვის;

3. სულიერნი თხრობანი სულთა ღმრთისმოყუარეთანი;

4. ცხოვრება და მოღვაწეობა ღირსისა მამისა ჩვენისა სქიმოსან ონისიფორესი;

5. მოკლე მოთხრობა პორფირისათვის.

მიუკლებელ მოღვაწეობაში, მარხვასა და ლოცვაში მყოფი ღირსი მამა ძმებისათვის საოცარი სიყვარულითა და მსახურებით გამოირჩეოდა, ყველას ეხმარებოდა, უვლიდა, ამხნევებდა.

ერთხელ, დიდმარხვის დღეებში, ნათლისმცემლის უდაბნოში თბილისელი მთავარდიაკონი ჩავიდა. რამდენიმე ხნის შემდეგ დიაკონს ოჯახი მოენატრა, მონასტერში ვეღარ გაჩერდა და თბილისში დაბრუნება გადაწყვიტა. ღირსმა გაბრიელმა გამოაცილა, მაგრამ გზაში ლეკები დახვდნენ და გაბრიელი მოკლეს.

ძმებმა ნეტარი მამის ცხედარი მონასტერში გადაასვენეს და იქვე დაკრძალეს.