მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მღვდელმოწამენი ტროფიმე და თალე
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მღვდელმოწამენი ტროფიმე და თალე (300), ძმები იყვნენ და ლაოდიკიაში მღვდელმსახურობდნენ. დიოკლიტიანეს და მაქსიმიანეს (284-305) დროს, ქრისტიანთა დევნისას ძმები-ხუცები შეიპყრეს და გამგებელ ასკლიპიოდოტეს მიჰგვარეს. მან წმიდანთა ქვებით ჩაქოლვა ბრძანა, მაგრამ ნასროლი ქვები მსროლელებს უბრუნდებოდათ. განმეორებითი დაკითხვის შემდეგ ძმებს ჯვარცმა მიუსაჯეს. სასიკვდილოდ მიმავალი წმიდანები უფალს განადიდებდნენ და მადლობდნენ, რამეთუ სათნო იჩინა და მათ ჯვარზე სიკვდილი აღირსა. წმიდა ძმები ჯვარზე გაკრულნიც ქადაგებდნენ. დედა ამხნევებდა ჯვარცმულებს. ერთმა იუდეველმა ქალმა თაყვანი სცა წმიდანებს და წამოიძახა: „ნეტარ არიან დედანი, მშობელნი ასეთი შვილებისა“. წმიდანთა გარდაცვალების შემდეგ საპყრობილეს დარაჯმა იხილა სამი ანგელოზის თანხლებით ზეცას აღმავალი ძმების სულები. ხალხი მთელი ღამე არ მოშორებია მღვდელმოწამეთა გვამებს. დილით სასჯელის ადგილზე მივიდა ასკლიპიოდიტეს ცოლი ნელსაცხებლებით და ძვირფასი სახვევებით. მან ხალხს მოუთხრო, თუ როგორ იხილა ძილში წმიდანები და ასკლიპიოდიტეს დასასჯელად გამოგზავნილი ანგელოზები.

მოწამეთა დედამ და ორმა ქრისტიანმა - ზოსიმემ და არტემმა, წმიდა ძმები დაასაფლავეს მათ მშობლიურ ქალაქ სტრატონიკეში. ასკლიპიოდიტე მალე დაავადდა და საშინელი ტკივილებით გარდაიცვალა.